ყალბი დოკუმენტის, ბეჭდისა და შტამპის დამზადება-გასაღებაზე ორი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის და ბლანკის დამზადების, გასაღების და გამოყენების ბრალდებით თბილისში დააკავეს 1966 წელს დაბადებული მ.ფ. და 1969 წელს დაბადებული ი.მ.

„დიღმის მასივში მდებარე შპს „გადამზიდი 2012“-ის თანამშრომელი – მ.ფ. ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, მოქალაქეებს პასპორტებში სხვადასხვა ქვეყნის ყალბი შტამპებისა და ბეჭდების დასმას სთავაზობდა, რომლებსაც მისი თანამზრახველი – ი.მ. უმზადებდა.

სამართალდამცველებმა, „გადამზიდი 2012“-ის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, 18 პასპორტი, ხოლო ი.მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას – 5 პასპორტი, თუნუქის კოლოფში მოთავსებული სამელნე, ასევე, სხვადასხვა ზომისა და ფორმის 28 შტამპი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები წარსულშიც ნასამართლევი არიან, დაკავების ოპერაცია კი  სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ბრალდებულებს ჯარიმა ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი