ახალი ამბები

“ქართული ლეგიონი” უკრაინის თავდაცვის ძალების 54-ე ბრიგადას ტოვებს

6 იანვარი, 2018 • 3404
“ქართული ლეგიონი” უკრაინის თავდაცვის ძალების 54-ე ბრიგადას ტოვებს

“ქართული ლეგიონი”, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალებთან ერთად სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძვის, 54-ე სამხედრო ბრიგადის შემადგენლობას ტოვებს. მიზეზად ხელმძღვანელობა ბრიგადის მეთაურის არაკომპეტენტურობასა და არალეგალურ ბრძანებებს ასახელებს. შესაბამისი განცხადება “ლეგიონის” ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

გადაწყვეტილება “ქართულმა ლეგიონმა” 16 დეკემბერს განხორციელებული ოპერაციის შემდეგ მიიღო, რომლის დროსაც ლეგიონისა და 25-ე ბატალიონის 11 მებრძოლი დაიჭრა. განცხადების მიხედვით, დაჭრილ მებრძოლებს სამედიცინო დახმარებაზე უარითა და დეპორტაციით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ ოპერაციისას გაცემული “უკანონო ბრძანებების” შესახებ ინფორაციას გათქვამენ. ლეგიონის ხელმძღვანელობის თქმით, აღნიშნულზე უფრო ვრცელ ინფორმაციას მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე გაასაჯაროებენ.

“გავასაჯაროებთ ქართული ლეგიონის მეთაურისა და 54-ე ბრიგადის ხელმძღვანელის, ალექსეი მაისტრენკოს სატელეფონო საუბრის აუდი ჩანაწერს; ასევე, საუბარს კაპიტან ხოლმოვსკისა და ფედოსენკოსთან, სადაც ის ქართველი მებრძოლების გათავისუფლების ბრძანებას გასცემს “არათანმიმდევრულობის” გამო, და მუქარის ზარებს ქართველ მებრძოლებთან.
…ქართული ლეგიონი არ აპირებს გაჩუმებას და აუცილებლად გამოააშკარავებს ყველას, ვინც უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ლეგიონის” წარმომადგენლები ასევე იუწყებიან, რომ 54-ე ბრიგადის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა მასში შემავალი 25-ე ბრიგადის მეთაური, რომელიც ქართველ მებრძოლებს უჭერდა მხარს და “უკრაინის თავდაცვის ძალებთან ინტეგრაციაში ეხმარებოდა”. ქართველი მებრძოლების ცნობით, მათ ასევე ჩამოართვეს პირადი ნივთები და სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც მოხალისეთა მიერ ბოლო ოთხი წლის მანძილზე გროვდებოდა.

“ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელობის განცხადებით, ბრიგადაში რამდენიმე ქართველი მებრძოლი დარჩა, თუმცა ისინი აღარ წარმოადგენენ ლეგიონს.

“ქართული ლეგიონი” აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში 2014 წლიდანაა ჩართული. ის უკრაინის თავდაცვის ძალებთან ერთად დონბასში, სეპარატისტების წინააღმდედ იბრძოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი