ახალი ამბები

პროკურორი: სააკაშვილს ბრალი დაედო არა უფლების განხორციელებისთვის, არამედ ბოროტად გამოყენებისთვის

5 იანვარი, 2018 • 3155
პროკურორი: სააკაშვილს ბრალი დაედო არა უფლების განხორციელებისთვის, არამედ ბოროტად გამოყენებისთვის

პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაედო არა მისი კონსტიტუციური უფლების განხორციელებისთვის, არამედ მისი ბოროტად გამოყენებისთვის. 

პროკურორი გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგს, რომელზეც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დევნის საფუძვლად მისი, როგორც პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება გამოიყენა. ნადარეიშვილმა განმარტა, რომ თავს შეიკავებს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისგან, თუმცა მსგავსი კომენტარის გაკეთებამდე მას იურიდიული კონსულტაცია უნდა აეღო.

“პრეზიდენტის განცხადების შეფასებისაგან მე თავს შევიკავებ, თუმცა განვმარტავ, რომ რაც კონსტიტუციით და სხვა კანონით, აბსოლუტური უფლება, როგორც ციტირებენ, რომ პრეზიდენტს ჰქონდა შეუზღუდავი უფლებამოსილება შეწყალების, ასეთი რამ არ არსებობს, ასეთი მცნება არ არსებობს კანონში. აბსოლტურუად ამკრძალავი და იმპერატიული მოთხოვნის დამდგენი ნორმა არის, მაგალითად, ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.  მაგრამ მოდით, გავმიჯნოთ, რა არის უფლებამოსილება და თუ რას ედავებოდა პროკურატურა საქართველოს ექსპრეზიდენტს.

მე არავის ვაკრიტიკებ, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, სამართლებრივი კონსულტაციები აეღო პრეზიდენტს. დევნის დაწყება შეწყალების მუხლით, ასეთი ტერმინი არ არსებობს. დევნის დაწყება მოხდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. ეს მუხლი თავის თავში მოიცავს, რომ სწორედ იმაშია არსი საქმის, რომ მას ჰქონდა გარკვეული უფლებამოსილება და ეს უფლებამოსილება იქნა გამოყენებული ბოროტად. ამაში არის არსი და არა იმაში, რომ შეწყალების გამო გასამართლდა ვინმე, ეს არასწორია, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და იმ პოზიციის გაჟღერება და თავს მოხვევა, თითქოს, პროკურატურამ, პრეზიდენტი მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის გაასამართლა, პროკურატურამ ბრალი წაუყენა მისდამი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. ეს ორი სხვადასხვა ცნებაა “ – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

გარდა ამისა, პროკურორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა შეწყალების კონსტიტუციური უფლება, ამ უფლების გამოყენება უნდა მოხდეს კეთისლსინდისიერად:

“კონსტიტუციური უფლება შეწყალების, აპრიორი არ ნიშნავს, რომ ეს უფლება გამოყენებული უნდა იქნეს ვინმეს მიერ, როგორც მას მოესურვება. ეს პირველ რიგში ნიშნავს, რომ ამ უფლების და კანონით მინიჭებული უფლებების გამოყენება უნდა მოხდეს კეთილსინდისიერად, არა ბოროტად, არა ანგარებით, არა სხვისთვის უპირატესობის ან საკუთარი თავისთვის გამორჩენის მიღებისთვის, არა პოლიტიკური ნიუანსებისთვის, არა დამნაშავეთათვის ხელის დაფარებისთვის, არა დანაშაულის გახსნისთვის ხელის შეშლისთვის, არა მართლმსაჯულების სათანადოდ აღსრულების ხელის შეშლისთვის. სწორედ ეს კომპლექსი, რაც მე ჩამოვთვალე, ერთობლივად იქნა განხორციელებული ამ შეწყალებით, რაც თავის დროზე სტრასბურგმაც აღნიშნა” – განმარტა პროკურორმა.

“იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში ნადარეიშვილმა საქმის დეტალებზეც ისაუბრა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაასამართლეს არა შეწყალების უფლების გამოყენებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ეს შეწყალება არაკანონიერი გარიგების ერთ-ერთი კომპონენტი იყო, რომელმაც საბოლოოდ ხელი შეუშალა მართმსაჯულების აღსრულებას.

“გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულმა პირებმა 2-3 კვირით ადრე იცოდნენ მათი დაკავების თარიღიც კი, თუ რა პირობებში მოიხდიდნენ სასჯელს, თუ ვინ იქნებოდა მათი სასჯელაღსრულების დაწებულების დირექტორი, მათ მიღეს დუმილისთვის ანაზღაურება. ოთხი ძირითადი კომპონენტი შედიოდა ამ უკანონო შეპირებაში, ერთ-ერთი კომპონენტი იყო მათი შეწყალება და 1-2 წელიწადში მათი თავისუფლებაზე გამოსვლა. სწორედ პრეზიდენტის უკანონო შეპირება, რომ ის დაკავებამდე შეჰპირდა მათ შეწყალებას, გახდა საფუძველ იმისა, რომ აღნიშნულმა პირებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, მხოლოდ საკუთარ თავზე აიღეს ე.წ. დანაშაულის ჩადენა, რომლის ორგანიზატორიც დათა ახალაია იყო, არ ამხილეს ახალაია, როგორც საქმის ორგანიზატორი და “შარდენ ბარის”სუფრის სხვა წევრები. და ამის სანაცვლოდ მათ შეჰპირდნენ კეთილდღეობას, მატერიალურ გასამრჯელოს, სრულ კომფორტს, შეუზღუდავ პაემნებსა  და შეწყალებას . სწორედ ეს უკანონო შეწყალების შეპირება გადაიქცა მათ შემდგომ დანაშაულზე დაყოლების მთავარ არგუმენტად. სწორედ ეს გარანტია გახდა იმ რამდენიმეწლიანი დანაშაულის გამომრიცხავი საფუძველი, სწორედ ამ შეპირების შემდეგ ვერ განხორციელდა მართლმსაჯულება ,რაც უნდა განხორიცელებულიყო. ეს იყო საქმის არსი”, -განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 5 იანვარს გამოაცხადა და საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 4 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. სააკაშვილს სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შეუმცირდა და საპატიმრო ვადა 3 წლის ვადით განესაზღვრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, სააკაშვილს ორი წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, შეუმცირდა და საბოლოოდ ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი