ახალი ამბები

ჩემ წინააღმდეგ იბრძვის მილიარდობით დოლარი 3 ქვეყნიდან -სააკაშვილი განაჩენზე

5 იანვარი, 2018 • 2608
ჩემ წინააღმდეგ იბრძვის მილიარდობით დოლარი 3 ქვეყნიდან -სააკაშვილი განაჩენზე

მიხეილ სააკაშვილმა მისთვის 3-წლიანი პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ამ მუხლით პრეზიდენტისთვის განაჩენის გამოტანა უპრეცედენტო მოვლენაა. ბრიფინგი NEWSONE-ის პირდაპირ ეთერში გავიდა.

“მსოფლიო პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტს განაჩენი გამოუტანეს შეუზღუდავი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებისთვის. უახლოეს ისტორიაში  მე არ ვიცი არც ერთი სხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც რომელიმე პრეზიდენტს ამის გამო ასამართლებდნენ”

როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი განმარტავს, მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა  ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.

“მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ეძებდნენ ჩემს ოფშორებს, რომლებიც არ არსებობს, რა თქმა უნდა. ისინი ეძებდნენ საიდუმლო საბანკო ანგარიშებს, რომლებიც ბუნებაში არ არსებობს, ისინი ეძებდნენ ჩემს ქონებას, რომელიც ფაქტობრივად არ მაქვს.  ქართული და უკრაინული მხარე ფაქტორბივად ერთდროულად აკეთებდნენ განცხადებებს ჩემ წინააღმდეგ, და როცა უკრაინაში საქმე აღძრეს ჩემ წინააღმდეგ და დამაკავეს, საქართველოშიც დააჩქარეს პროცესი. 3 იანვარს მათ ერთდროულად დანიშნეს 3 სასამართლო პროცესი ჩემ წინააღმდეგ , 2 კიევში, 1 საქართველოში” – განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ იბრძვის არა მხოლოდ ორი ქვეყნის ოლიგარქი, არამედ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც.

ყველაფერი ნათელია, ჩვენ გვაქვს ორი ქვეყნის ოლიგარქების შეთქმულება, და ჩვენ გვაქვს პირდაპირი დაინტერესება მოსკოვის. ოლიგარქიული შეთქმულება. ჩემ წინააღმდეგ იბრძვის ასობით მილიარდი დოლარი 3 ქვეყნიდან. მე კი არ მაქვს არც ფული, არც იარაღი, არც იარააღი, არც დიდი ორგანიზაცია. მე მაქვს მხოლოდ იდეა, ჩემი რეპუტაცია და ჩემი სიმართლე. მინდა ვუთხრა პოროშენკოს, ივანიშვილსა და მათ მეგობარს, პუტინს, ჩემი ბრძოლა არ დამთავრდება, რაც არ უნდა გააკეთოთ, რა საქმეებიც არ უნდა გააყალბოთ, თქვენ არ იცით პოლიტიკურ ასპარეზზე ბრძოლა, თქვენ არ გიყვართ თქვენი ხალხი. მე კი მიყვარს, მე მიყვარს უკრაინელები და მე მიყვარს ქართველები.

მე ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ არასდროს დავნებდები და არასდროს ოლიგარქებს, პრორუსულ ელემენტებს, პუტინს და ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნების გათელვა უნდა,  არ მივცემ საშუალებას, შეურაცხყონ ხალხი. და ასე ვაპირებ ვიმოქმედო სამომავლოდ ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 5 იანვარს გამოაცხადა და საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 4 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. სააკაშვილს სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შეუმცირდა და საპატიმრო ვადა 3 წლის ვადით განესაზღვრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, სააკაშვილს ორი წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, შეუმცირდა და საბოლოოდ ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი