ახალი ამბები

სალაძე: მნიშვნელოვანია, აიხსნას ბმა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და შეწყალებას შორის

5 იანვარი, 2018 • 2614
სალაძე: მნიშვნელოვანია, აიხსნას ბმა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და შეწყალებას შორის

გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” უკვე სწავლობენ.

ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, იურისტები გადაწყვეტილების საბოლოოდ შესაფასებლად სასამართლოსგან დასაბუთების ნაწილის გასაჯაროებას ელიან. რაც შეეხება საკითხს, იყო თუ არა პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ პირთა შეწყალება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, სალაძე ამბობს, რომ აღნიშნული წარმოადგენს პრეზიდენტის კონსტიტუციით დაცულ უფლებამოსილებას. თუმცა, მისი თქმით, აუცილებელია სასამართლოს არგუმენტაციის მოსმენა სრული სურათის აღსაქმელად.

“საფუძვლიანი შეფასებისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვნახოთ სასამართლოს დასაბუთებული განაჩენი და ის ბმა, რომელიც შეიძლება, სასამართლოს არგუმენტაციის ნაწილში ჰქონდეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და შეწყალებასთან დაკავშირებით. როგორ ასაბუთებდა ამას პროკურატურა, ერთია, მაგრამ მეორე არგუმენტაციაა, რაზეც სასამართლო აგებს განაჩენს სამოტივაციო ნაწილთან მიმართებაში.

შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება და როგორც დღეს მოქმედი წესი, ასევე მაშინ მოქმედი წესი, როცა შეწყალება მოხდა, ცალსახად მიუთითებს, რომ პრეზიდენტს ამ წესების გვერდის ავლითაც კი შეუძლია, შეიწყალოს მსჯავრდებული. შესაბამისად, შეწყალებასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, სასამართლო როგორ დაასაბუთებს ბმას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და შეწყალებას შორის. იქნება ეს უბრალოდ მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენება, და ხშირად საუბრობენ, რამდენად სანდოა ეს ჩვენებები, თუ იქნება მეტად მყარი არგუმენტები”, – აცხადებს სალაძე.


თბილისის საქალაქო სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 5 იანვარს გამოაცხადა და საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 4 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. სააკაშვილს სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შეუმცირდა და საპატიმრო ვადა 3 წლის ვადით განესაზღვრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, სააკაშვილს ორი წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, შეუმცირდა და საბოლოოდ ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი