GNCC: “მაგთის” ინტერნეტის ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს გადაცილებულია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია “მაგთიკომის” მიერ მობილური ინტერნეტის ტარიფების გაძვირების ფაქტს აფასებს, როგორც  “საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს გადაცილებულს “. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომისია აღნიშნულ ფაქტს შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

მათი თქმით, ამ ეტაპზე  არ არსებობდა აღნიშნული ქმედებისთვის რაიმე საფუძველი, რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინებით, მათ შორის, საქართველოს მთავრობის მიერ  უკანასკნელ წლებში მობილური სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე აქციზის გადასახადის შემცირება.

“2018 წლიდან შპს „კავკასუს ონლაინმა“ შპს „მაგთიკომს“  საბითუმო ინტერნეტის მომსახურებაზე ტარიფი გაუნახევრა; საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში  მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე დაკისრებული აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო 2018 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიღებულ იქნა ისეთი გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც მობილურ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავდა აბონენტებისთვის ინტერნეტ-მომსახურებაზე ხელსაყრელი პირობების შექმნას როგორც სატარიფო, ასევე, ხელმისაწვდომობის კუთხით” – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

როგორც ეროვნული კომისია განცხადებაში განმარტავს, ტარიფების გაძვირება შესაძლოა “მაგთიკომის” მხრიდან სუბსიდირების განზრახულობაზე მეტყველებდეს. განცხადების მიხედვით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გაძვირების მიზეზებს შეისწავლის და სპეციფიკურ ვალდებულებების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას. 

“კომისიის ვარაუდით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შპს „მაგთიკომის“ მხრიდან სუბსიდირების განზრახულობას. კერძოდ, აღნიშნულ მომსახურებაზე ტარიფების გაძვირებით, შესაძლოა, შპს „მაგთიკომმა“ დააფინანსოს (ან უკვე აფინანსებდეს) მის მიერ თვითღირებულებაზე უფრო დაბალი ფასით მომხმარებლებისთვის შეთავაზებული სხვადასხვა მომსახურებები. აღნიშნულ საკითხში  სრულყოფილად გარკვევის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილური ოპერატორის მიერ ტარიფების გაძვირების მიზეზებს შეისწავლის და, საჭიროების შემთხვევაში, „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი  სპეციფიკური ვალდებულებების  გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას” – აღნიშნულია განცხადებაში.

  • მაგთიკომი მობილური ინტერნეტის ფასს 18 იანვრიდან მნიშვნელოვნად აძვირებს. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თუ ამჟამად  500 მბ ინტერნეტი 3 ლარი ღირს, 2018 წლის 18 იანვრიდან მისი ღირებულება 5 ლარი იქნება.
  • მაგთიკომი ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2017 წლის 13 დეკემბერს მაგთის აბობენტთა რაოდენობა 1,952,310 იყო, ჯეოსელის კი -1,523,550.
  • 2017 წლის ნოემბერში „მაგთიკომმა“ „მაგთისატის“ და IP ტელევიზიის აბონენტებისთვის ტარიფი 2 ლარით გააძვირა.
  • 2016 წელს მაგთიკომმა ინტერნეტის პროვაიდერული კომპანიები “კაუკასუს ონლაინი” და დელტანეტი იყიდა.

წყარო: https://www.magticom.ge/

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან