ახალი ამბები

აფგან მუხთარლიმ შინაპატიმრობის მოთხოვნაზე უარი მიიღო

5 იანვარი, 2018 • 1711
აფგან მუხთარლიმ შინაპატიმრობის მოთხოვნაზე უარი მიიღო

აფგან მუხთარლის დღევანდელ სასამართლო პროცესზე პირველად განიხილეს ქართული წარმოშობის დოკუმენტები, რომლებიც მის გაუჩინარებას ეხება.

სასამართლოსთვის წარდგენილი მასალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ვებ-გვერდებიდან აღებულ განცხადებებს მოიცავს, რომლებშიც მითითებულია, რომ მუხთარლის გატაცების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. აზერბაიჯანელმა პროკურორმა დოკუმენტის შესწავლისთვის დამატებითი დრო მოითხოვა.

მუხთარლი 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა და მომდევნო დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. როგორც თავად ამბობს, იგი ქართველმა სამართალდამცველებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანში მას საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ.

ბალაკანის დასახლების სასამართლოში ის პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მისი და, მცირეწლოვანი დისშვილი და ძმისშვილი 31 დეკემბერს გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს.

მუხთარლის ადვოკატმა, ნემატ კამირლიმ სთხოვა სასამართლოს, რომ მომხდარი ტრაგედიის გათვალისწინებით, მუხთარლის პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალათ. თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მუხთარლი არც დაკრძალვაზე დასასწრებად გაუშვეს.

სასამართლო დარბაზის დამკვირვებელმა მუხთარლის უწოდა “დანაღვლიანებული, მაგრამ ძლიერი” პიროვნება.
ადვოკატებმა ასევე აღნიშნეს, რომ მუხთარლის დაკავებისთანავე მოითხოვეს მისი სხეულის სრული ექსპერტიზის ჩატარება. თუმცა ექსპერტიზა მხოლოდ 40 დღის შემდეგ ჩატარდა, როცა მუხთარლის უკვე აღარ ეტყობოდა დაზიანებები.

სასამართლოს შემდეგი სხდომა 12 იანვარს, დღის 11 საათზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი