ბიბილაშვილი: სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებისთვის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი,ს ზაზა ბიბილაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის მისჯით მოსამართლე გიორგი არევაძემ განაჩენი არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, არამედ “საკუთარ თავსა და მის დამკვეთებს” გამოუტანა.

“დღეს ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებისთვის. არ დაუჯეროთ, ვინც გეუბნებათ, რომ ეს არის ე.წ. “გირგვლიანის საქმე”. ეს არის ტყუილი, ეს არის პროკურატურის პროპაგანდა. სინამდვილეში, ეს არის შეწყალების საქმე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ საქმის ფარგლებში პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის ომის შემდეგ შეიწყალა 179 ყოფილი სამხედრო და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი პირი. ამ საქმეს გირგვლიანის საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და ვინც ამას ამბობს, არის ან სახელისუფლებო მედია, ან უშუალოდ მონაწილეობს ხელისუფლების პროპაგანდაში”, – აღნიშნა ბიბილაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 5 იანვარს გამოაცხადა და საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 4 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. სააკაშვილს სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შეუმცირდა და საპატიმრო ვადა 3 წლის ვადით განესაზღვრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, სააკაშვილს ორი წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, შეუმცირდა და საბოლოოდ ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან