მაგთი ინტერნეტს აძვირბს

საჭიროა ტარიფები იყოს ადეკვატური – მაგთიკომი ინტერნეტის ტარიფის ზრდის მიზეზებს განმარტავს

კომპანია ‘მაგთიკომი” ინტერნეტის ტარიფის ზრდის შესახებ განმარტებას აკეთებს. განცხადებაში, რომელიც კომპანიამ გაავრცელა, საუბარია, როგორც “მაგთიკომის” ინვესტიციებზე, ასევე, ქვეყანაში ოპერატორებისთვის არსებულ რთულ პირობებზე.

მაგთიკომის განცხადებით, ბოლო წლებში კომპანიამ მრავალმილიონიანი ინვესტიციები განახორციელა ტექნოლოგიების დანერგვისა და ქსელის უწყვეტი განვითარების კუთხით. შედეგად,  როგორც დიდ ქალაქებში, ისე რთულად მისადგომ ადგილებში, მაღალმთიანი და სასაზღვრო რეგიონების ჩათვლით, სადაც რიგ შემთხვევებში, ერთი-ორი ოჯახი ცხოვრობს, კავშირი ყველასთვის და ყველგან უზრუნველყოფილია.

საქართველოში არსებულ რთულ პირობებზე საუბრისას კომპანია რამდენიმე ფაქტორს ასახელებს – სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე იჯარის საფასური ოპერატორებისთვის ბევრად მაღალია, ვიდრე იჯარის საბაზრო ფასი; 2017 წელს გაიზარდა მეტროსადგურების გვირაბებში კაბელის გატარების საფასური. ვალუტის კურსის ცვლილება, ინფლაცია და დენის ტარიფის ცვლილება პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიების დანახარჯებზე.

“დღეს ქვეყანაში მობილურ მომსახურებაზე საკმაოდ დაბალი ტარიფებია. შესაბამისად, კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტის მიწოდების ხარჯი და მომსახურებისგან მიღებული შემოსავალი ვერ აბალანსებს ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, სერიოზული საფრთხის წინაშე დგება ქვეყანაში მობილურ ინტერნეტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება, იზღუდება როგორც კომპანიის, ისე ქვეყნის ტექნოლოგიური წინსვლა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საჭიროა ტარიფები იყოს ადეკვატური, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში, და სრულ შესაბამისობაში მოდიოდეს მოქმედ კანონმდებლობასთან”,- ნათქვამია ‘მაგთიკომის” განცხადებაში.

მაგთიკომი მობილური ინტერნეტის ფასს 18 იანვრიდან მნიშვნელოვნად აძვირებს. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თუ ამჟამად  500 მბ ინტერნეტი 3 ლარი ღირს, 2018 წლის 18 იანვრიდან მისი ღირებულება 5 ლარი იქნება.

ნახეთ დეტალურად, სხვადასხვა პაკეტი რა ოდენობით გაიზრდება:

/

 

  • მაგთიკომი ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2017 წლის 13 დეკემბერს მაგთის აბობენტთა რაოდენობა 1,952,310 იყო, ჯეოსელის კი -1,523,550.
  • 2017 წლის ნოემბერში „მაგთიკომმა“  „მაგთისატის“  და IP ტელევიზიის აბონენტებისთვის ტარიფი 2 ლარით გააძვირა.
  • 2016 წელს მაგთიკომმა ინტერნეტის პროვაიდერული კომპანიები “კაუკასუს ონლაინი” და დელტანეტი იყიდა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com