ახალი ამბები

გოგელია რატიანის საქმეზე: სამეურვეო საბჭო მიიღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას

5 იანვარი, 2018 • 2300
გოგელია რატიანის საქმეზე: სამეურვეო საბჭო მიიღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას

ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით მწერლებისა და გამომცემლების შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან დასრულდა. ზვიად რატიანის კოლეგებმა საბჭოს წევრებს არხის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია გააცნეს.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ გეგელიას თქმით, სხდომა სპონტანური იყო და დამსწრეებს მხოლოდ პროცედურულ საკითხებზე ესაუბრნენ. მისი თქმით, საბჭო რატიანის საქმეზე მოკვლევას განაგრძობს.

“ჩვენ ავუხსენით დამსწრე საზოგადოებას, რომ ბორდი არის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს თავისი პროცედურები. ვიმოქმედებთ ამ პროცედურების შესაბამისად და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება სამართლებრივი”, – აღნიშნა გოგელიამ.

მისივე თქმით, რატიანის საქმეზე არხის პასუხისმგებლობის საკითხს “სტანდარტების შესაბამისად განიხილავენ”. ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა აღნიშნული სტანდარტები გენერალური დირექტორის გადაყენებას, გოგელიამ უპასუხა, რომ “ყველანაირი ფორმა შეიძლება ჰქონდეს”, თუმცა პროცედურების დასრულებამდე ამაზე საუბარი არასერიოზულია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ ანდრონიკაშვილმა, რომელიც შეხვედრაზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მწერლები და გამომცემლები საბჭოს ნაბიჯების შესაბამისად იმოქმედებენ.

“გვითხრეს, რომ ბორდმა უნდა შეისწავლოს, თუ რა სახის დარღვევები დაფიქსირდა, ვის მიერ და ა.შ; რომ საკითხის შეუსწავლელად უბრალოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, რაც ლოგიკურია. ჩვენ შევთანხმდით, რომ დაველოდებით ბორდის გადაწყვეტილებას და ვიმოქმედებთ მის შესაბამისად. გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაზიანებული და მძიმედ შელახული რეპუტაცია აღდგეს და ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა მაუწყებელი შესაბამის დასკვნებს გამოიტანს ამ სიტუაციიდან”, – განუცხადა ანდრონიკაშვილმა “ნეტგაზეთს”.

მწერლებმა საზმაუს საბჭოსთან შეხვედრა გუშინ, 4 იანვარს მოითხოვეს. მათი მთავარი მოთხოვნა საზმაუს ხელმძღვანელობის, მათ შორის, გენერალური დირექტორის გადადგომაა.


ზვიად რატიანი 24 დეკემბერს, ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავება, ხოლო პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება.

პოეტს სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის სახის არეში. ზვიად რატიანი აცხადებს, რომ მას არაერთი პოლიციელი მხოლოდ იმის გამო ურტყამდა, რომ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ. დაშავებულის თქმით, თავდაპირველად ოთხი უცნობი პირი მივიდა მასთან სამოქალაქო ფორმით, რასაც შსს უარყოფს და აცხადებს, რომ ვიდეო-მასალა არსებობს, სადაც ზვიად რატიანი პოლიციელებს აგინებს და არ ემორჩილება.

ზვიად რატიანს მხარდაჭერას უცხადებენ მისი კოლეგები, რომლებიც აცხადებენ, რომ როდესაც ცნობილ პოეტს ასე გამეტებით სცემენ სამართალდამცველები, რთული წარმოსადგენი არ არის, რას გაუკეთებენ ისინი უცნობ მოქალაქეს.

შსს-ს განმარტებებსა და სამართალდამცველების გამამართლებელ განცხადებებას მწერლები “ბრიყვულს” უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ საპატრულო პოლიცია საბჭოთა მილიციად გადაიქცა. ისინი იმ პოლიციელების სამაგალითო დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც ზვიად რატიანი სასტიკად სცემა.

მოგვიანებით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობის გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი 2 000 ლარით დააჯარიმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი