მწერლები სამეურვეო საბჭოს სხდომას ესწრებიან და მაღლაფერიძის გადადგომას მოითხოვენ

მწერლები და გამომცემლები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე რამდენიმე წუთის [12:56] წინ შევიდნენ. ისინი საბჭოს წევრებთან ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისა და დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობას გეგმავენ.

წიგნის გამომცემელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის, გვანცა ჯობავას განცხადებით, ბუნდოვანია, თუ რა სახის პასუხისმგებლობას იღებს ხელმძღვანელი ეთერში გასულ მასალაზე, რომელმაც, მისი თქმით, დაზარალებულის უფლებები ხელყო. მისივე განცხადებით, მწერალთა და გამომცემელთა მოთხოვნა გენერალური დირექტორის უპირობო გადადგომაა:

“ჩვენ ვერ დავინახეთ, რეალურად რაში გამოიხატა მაუწყებლის მენეჯმენტის პასუხისმგებლობა. ამიტომ მოვედით აქ და ვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს. ვნახეთ “ნეტგაზეთისთვის” ქეთევან მსხილაძის მიცემული კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ სხდომაზე აპირებენ გააგრძელონ ზვიად რატიანის საკითხის განხილვა. შესაბამისად, გვაქვს სურვილი, დავესწროთ ამ სხდომას.  ვითხოვთ მაღლაფერიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას. მანამდე, ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში”.

სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი სამეურვეო საბჭოს წევრმა ირინა ფუტკარაძემაც გააკეთა. მისი თქმით, მზადაა, რატიანის საქმეზე მწერლებთან ერთად იმსჯელოს.

“ჩემი რეაქცია არის უარყოფითი და ბორდმაც დააფიქსირა პოზიცია, რომ კადრები არ უნდა გასულიყო ეთერში, ვინაიდან დაირღვა ადამიანის უფლებები. დირექტორმა უკვე აიღო პასუხისმგებლობა ამ ვიდეოზე, დანარჩენს ვნახავთ”.

მწერლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოსთან შეხვედრა გუშინ, 4 იანვარს მოითხოვეს. “ნეტგაზეთთან” საუბრისას რატიანის კოლეგებთან შეხვედრის მზაობა გამოთქვეს საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გოგელიამ და წევრმა, ქეთევან მსხილაძემ. მსხილაძემ ასევე აღნიშნა, რომ თავადაც აპირებს მაღლაფერიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.


ზვიად რატიანი 24 დეკემბერს, ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავება, ხოლო პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება.

პოეტს სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის სახის არეში. ზვიად რატიანი აცხადებს, რომ მას არაერთი პოლიციელი მხოლოდ იმის გამო ურტყამდა, რომ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ. დაშავებულის თქმით, თავდაპირველად ოთხი უცნობი პირი მივიდა მასთან სამოქალაქო ფორმით, რასაც შსს უარყოფს და აცხადებს, რომ ვიდეო-მასალა არსებობს, სადაც ზვიად რატიანი პოლიციელებს აგინებს და არ ემორჩილება.

ზვიად რატიანს მხარდაჭერას უცხადებენ მისი კოლეგები, რომლებიც აცხადებენ, რომ როდესაც ცნობილ პოეტს ასე გამეტებით სცემენ სამართალდამცველები, რთული წარმოსადგენი არ არის, რას გაუკეთებენ ისინი უცნობ მოქალაქეს.

შსს-ს განმარტებებსა და სამართალდამცველების გამამართლებელ განცხადებებას მწერლები “ბრიყვულს” უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ საპატრულო პოლიცია საბჭოთა მილიციად გადაიქცა. ისინი იმ პოლიციელების სამაგალითო დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც ზვიად რატიანი სასტიკად სცემა.

მოგვიანებით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობის გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი 2 000 ლარით დააჯარიმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com