ახალი ამბები

ეს არის მორიგი სამართლებრივი ნონსენსი – ენმ სააკაშვილისთვის პატიმრობის განაჩენზე

5 იანვარი, 2018 • 2176
ეს არის მორიგი სამართლებრივი ნონსენსი – ენმ სააკაშვილისთვის პატიმრობის განაჩენზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის 3-წლიანი პატიმრობის მისჯას პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

ზალიკო უდუმაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა სამართლებრივი ნონსენსია, ვინაიდან, ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობა მიუსაჯეს მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენების გამო.

“ეს არის მორიგი სამართლებრიივ ნონსენსი ქართული ოცნების სასამართლოსგან, რადგან საქართველოს პრეზიდენტს გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი იმის გამო, რომ მან კონსტიტუციური უფლება გამოიყენა, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად საქართველოს დაუბრუნება ძალიან ცუდად” – განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი, ხატია დეკანოიძეც. “რუსთავი 2-თვის” მიცემულ კომენტარში იგი აღნიშნავს, რომ დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება სერიოზული განგაშია ქვეყნის დემოკრატიისთვის.

“საქართველოში სასამართლო სისტემა არ არსებობს, საქართველოში სასამართლოს მართავს არაფორმალური მმართველობა. საქართველოსთვის ეს იყო ტესტი, დემოკრატიისთვის რეალურად, როდესაც ხელისუფლება ასამართლებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს. მე მეტის მოლოდინი არ მქონდა, მაგრამ ეს არის საგანგაშო სიგნალი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. პოლიტიკური მართლმსაჯულება ასრულებს მხოლოდ ერთი კაცის დაკვეთას იმიტომ, რომ ამ კაცს არ უნდა მიხეილ სააკაშვილი იხილოს საქართველოს ტერიტორიაზე და არ ჩაებას პოლიტიკურ პროცესებში. მაგრამ გულწრფელად მინდა ვთქვა, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ბრძოლას და  პოლიტიკური მართლმსაჯულების ეპოქა საქართველოში აუცილებლად დასრულდება” – აღნიშნა დეკანოიძემ.

“ისტორიულად სამარცხვინო” უწოდა რომან გოცირიძემ სასამართლოს გადაყწვეტილებას. მან მოსამართლე გიორგი არევაძე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს განაჩენი გამოუტანა, “რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლეს, თამაზ ურთმელიძეს შეადარა.

“მსოფლიოში არ მომხდარა არცერთი ფაქტი, რომ პრეზიდენტისათვის მიესაჯოთ სასჯელი მისი კონსიტიტუციური უფლების გამოყენებისთვის, რომელსაც ჰქვია შეწყალების უფლება. მეორე ისტორიული, სამარცხვინო ლაქა და კიდევ ერთი ურთმელიძე ამ მოსამართლის სახით. პროცესი პირდაპირ არის იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში არ არსებობს დემოკრატიული სასამართლო” – განმარტა რომან გოცირიძემ.

დღეს მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ვრცლად მიხეილ სააკაშვილის ბრალდებაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი