ახალი ამბები

ალექსი პეტრიაშვილი განმარტავს, თუ რა იგულისხმება “აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირ დიალოგში “

8 აგვისტო, 2013 • • 1688
ალექსი პეტრიაშვილი განმარტავს, თუ რა იგულისხმება “აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირ დიალოგში “

“[ეს ნიშნავს] ურთიერთნდობის აღდგენას ადამიანებს შორის და არავითარ შემთხვევაში, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს შორის… ეს არის ხალხებს შორის, ქართველ და ოს, ქართველ და აფხაზ ძმებს შორის ურთიერთობების აღდგენის, ნორმალიზების და შემდგომში კიდევ უფრო განვითარებისათვის გადადგმული ნაბიჯები”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

 

მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამართლებრივ დონეზე თბილისმა აფხაზურ და ოსურ მხარეებთან პირდაპირი დიალოგი უნდა აწარმოოს თავდაუსხმელობის დოკუმენტის გაფორმების შესახებ, ცოტა ხნის წინ რუსთავი 2–სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა გამოთქვა. 

 

“ჩვენს მთავრობაში არის განწყობა, რომ აფხაზურ და ოსურ მხარეებთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ და ეს საჭიროა არა იმის გამო, რომ რუსეთი გვეუბნება ამას, არამედ იმიტომ, რომ ეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებშია”, – ასე გამოეხმაურა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფხაზურ და ოსურ მხარეებთან დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით. დღეს კი ბიძინა ივანიშვილმა გორში განაცხადა:

 

“ჩვენ მზად ვართ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის. დარწმუნებული ვარ, გამოვნახავთ საერთო ენას ერთიანი სამომავლო ურთიერთობებისთვის. საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური წინსვლა აფხაზებს და ოსებს ჩვენსკენ შემოაბრუნებს და საბოლოოდ დაარწმუნებს მათ, რომ საქართველოა მათი სამშობლო”. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი