ჭადრაკი და სხვა საჩუქრები ხელისუფლებისგან პატრიარქს იუბილეზე

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ილია მეორეს იუბილე ხელისუფლების წარმომდგენლებმა მიულოცეს. საპატრიარქოში გამართულ მიღებაზე პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ და ილია მეორეს პირადად მიულოცეს. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა უწყებების პრესსამსახურებს, რათა გაეგო, თუ რა აჩუქეს ხელისუფლების სხვადასახვა შტოს წარმომადგენლებმა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს:

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პატრიარქს იუბილესთან დაკავშირებით სპილოს ძვლის ჭადრაკი აჩუქა. თუმცა კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა, ჭადრაკი ეჩუქებინა პატრიარქისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საჩუქრის შერჩევის პრინციპი უცნობია.

გარდა ჭადრაკისა, პრეზიდენტმა პატრიარქს დაბადების დღე და აღსაყრდების იუბილე ღია წერილით  მიულოცა, რომელშიც ხაზი გაუსვა ილია მეორის ღვაწლს.

მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნისას ჩვენ ვგრძნობთ ძალას. ძალას იმიტომ, რომ აი, ეს გამოწვევა, რომელიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაშიც არის, სწორედ ამ გამოწვევების დამმარცხებელ ადამიანს ვხედავთ არა მოყოლით, არა იდეებში, არა წიგნად, არა თეორიულად, არამედ ცოცხლად ვხედავთ ადამიანს, რომელმაც დაამარცხა ძალიან ბევრი სირთულე. რეალურად ვხედავთ ადამიანს, რომელმაც დაამარცხა ამპარტავნება, ვერცხლმოყვარება.  ადამიანმა, რომელმაც დაამარცხა ის გამოწვევები, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაქვს და ამ გამოწვევათა დამარცხებით თავისი თავი, ჩვენი ერი ძალად აქციაგმადლობთ, თქვენო უწმინდესობავ, ამ საოცარი მაგალითისთვის, რომელიც ჩვენ გვაძლიერებს” – ნათქვამია პრეზიდენტის მოლოცვაში.

პატრიარქს საჩუქარი პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც გადასცა. როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, პარლამენტის თავმჯდომარემ ილია მეორეს ლევან მარგიანის მინიატურა აჩუქა, თუმცა კითხვაზე, კონკრეტულად რომელ მინიატურაზეა საუბარი, უწყებაში პასუხი არ აქვთ, არ აკონკრეტებენ ასევე, თუ რა თანხა დაჯდა აღნიშნული მინიატურა. 


40 წლის განმავლობაში თქვენი ყოველდღიური მოღვაწეობითა და ცხოვრებით გვაძლევდით მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და როგორ უნდა დავუდგეთ გვერდით ერთმანეთსა და ჩვენს სამშობლოს. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დაბადების დღე, ქედს ვიხრი თქვენ წინაშე და ვულოცავ სრულიად საქართველოს“,- ნათქვამია ირაკლი კობახიძის მოლოცვაში.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა როგორც მის პრესსამსახურს, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მაგრამ, მათი თქმით, საჩუქრის შესახებ ინფორმაციას არცერთი მხარე არ ფლობს. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, კვირიკაშვილიც ღია წერილით გამოეხმაურა და მიულოცა ილია მეორეს იუბილე.

თქვენო უწმინდესობავ, მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით, დიდი სიყვარულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ყველა ჩვენგანისთვის – თქვენი იუბილე; ასევე, მოგილოცოთ აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე; მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა და დიდხანს მეუფება. თქვენი მეუფება არის არა მხოლოდ წყალობა ჩვენი ერისთვის, არამედ ეს არის სასიცოცხლო საჭიროებაც. იმ გამოწვევების ფონზე, სადაც ჩვენი ქვეყანა იმყოფება დღეს, თქვენი პატრიარქობა არის ჩვენი უდიდესი სიძლიერე და, რა თქმა უნდა – სასიცოცხლო აუცილებლობა”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

ხელისუფლების კიდევ ერთი შტოს, სასამართლოს თავმჯდომარეს დღეს პატრიარქისთვის იუბილე არ მიულოცავს. პრესსამსახურში განაცხადეს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ილია მეორეს იუბილეს საერთო სასამართლოების სახელით ხვალ მიულოცავს, თუმცა საჩუქრის შესახებ ინფორმაციას არ აკონკრეტებს:

დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს 85 წელი შეუსრულდა.  იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოში “ძველი აღთქმის” სრული აკადემიური გამოცემისა და “მცხეთური ბიბლიის” ახალი რედაქციის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები და მმართველი გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი. აღსანიშნავია, რომ “ბიბლია – საღმრთო წიგნების კრებული”პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით გამოიცა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან