ახალი ამბები

გოგელიას თქმით, “საზოგაოდებრივი მაუწყებლის” საბჭო მზადაა, მწერლებს რატიანის საქმეზე შეხვდეს

4 იანვარი, 2018 • 2123
გოგელიას თქმით, “საზოგაოდებრივი მაუწყებლის” საბჭო მზადაა, მწერლებს რატიანის საქმეზე შეხვდეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გეგელია ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით მწერლებთან შესახვედრად მზადაა. მისი თქმით, მათგან სამეურვეო საბჭოში წერილი ჯერჯერობით არ შესულა, თუმცა მზად არის შეხვდეს ყველას, “ვისაც ამის სურვილი აქვს”.

მწერლების თხოვნას იზიარებს სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთევან მსხილაძეც. მან წერილის ხელმომწერთა მხრიდან პირველი არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხვალ დაგეგმილ სამუშაო სხდომაზე აღნიშნულ საკითხს საბჭოს წევრებს სამსჯელოდ წარუდგენს.

მისი თქმით, მაღლაფერიძეს ნათლად არ უთქვამს, თუ რა სახის პასუხისმგებლობას იღებს პირველი არხის ეთერში შსს-ს ვიდეომასალის გაშვებასთან დაკავშირებით და ამაზე სწორედ საბჭომ უნდა იმსჯელოს.

“გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ პასუხისმგენლობას სრულად იღებდა საკუთარ თავზე. შემდგომ ამ საკითხზე მსჯელობა აღარ გაგვიგრძელებია, რადგან წინ გვქონდა ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა. თუმცა, როდესაც სულხან სალაძემ ჰკითხა მას, თუ რას გულისხმობდა, პასუხი იყო ასეთი: რასაც ბორდი გადაწყვეტს.
ხვალ გვაქვს სამუშაო შეხვედრა და ვაპირებ, ეს საკითხი დავაყენო და ვიმსჯელოთ, რას გულისხმობს ეს პასუხისმგებლობა, როგორია საბჭოს წევრების პოზიცია”, – აღნიშნა ქეთევან მსხილაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობა არხის მხრიდან გამოვლენილი დარღვევის შესაბამისი უნდა იყოს. კითხვას, გულისხმობს თუ არა ეს ვასილ მაღლაფერიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, მსხილაძემ დადებითად უპასუხა.

“მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული დარღვევა საზგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან. მე, მაგალითად, ყველაზე მძიმე პასუხისმგებლობას დავაკისრებდი გენერალურ დირექტორს, მაგრამ ერთი ადამიანის მოსაზრებით მსგავსი საკითხები არ ყწდება. კანონის მიხედვით, საბჭოს აქვს უფლება, გაათავისუფლოს გენერალური დირექტორი თანამდებობიდან და ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცედურა”.

პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით მწერლებმა და გამომცემელთა ჯგუფმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს შეხვედრა დღეს, 4 იანვარს  სთხოვა. მიმართვის ავტორების განცხადებით, შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის და მისი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით უნდა შედგეს.


ზვიად რატიანი 24 დეკემბერს, ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავება, ხოლო პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება.

პოეტს სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის სახის არეში. ზვიად რატიანი აცხადებს, რომ მას არაერთი პოლიციელი მხოლოდ იმის გამო ურტყამდა, რომ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ. დაშავებულის თქმით, თავდაპირველად ოთხი უცნობი პირი მივიდა მასთან სამოქალაქო ფორმით, რასაც შსს უარყოფს და აცხადებს, რომ ვიდეო-მასალა არსებობს, სადაც ზვიად რატიანი პოლიციელებს აგინებს და არ ემორჩილება.

ზვიად რატიანს მხარდაჭერას უცხადებენ მისი კოლეგები, რომლებიც აცხადებენ, რომ როდესაც ცნობილ პოეტს ასე გამეტებით სცემენ სამართალდამცველები, რთული წარმოსადგენი არ არის, რას გაუკეთებენ ისინი უცნობ მოქალაქეს.

შსს-ს განმარტებებსა და სამართალდამცველების გამამართლებელ განცხადებებას მწერლები “ბრიყვულს” უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ საპატრულო პოლიცია საბჭოთა მილიციად გადაიქცა. ისინი იმ პოლიციელების სამაგალითო დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც ზვიად რატიანი სასტიკად სცემა.

მოგვიანებით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობის გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი 2 000 ლარით დააჯარიმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი