ახალი ამბები

პრემიერი: ქართულ მხარეს პასუხისმგებლობის თავისი წილი აქვს, რაც ევროკავშირმა დასკვნით დაადასტურა

8 აგვისტო, 2013 • • 1170
პრემიერი: ქართულ მხარეს პასუხისმგებლობის თავისი წილი აქვს, რაც  ევროკავშირმა დასკვნით დაადასტურა

 

“2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია განახორციელა. ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. ეს იყო უდიდესი დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე.  მოვლენების ამგვარ განვითარებაში, სამწუხაროდ, ქართულ მხარეს პასუხისმგებლობის თავისი წილი აქვს, რაც 2009 წელს ევროკავშირმა თავის დასკვნითაც დაადასტურა. ამ ტრაგიკული გამოცდილებიდან არა მარტო მკაფიო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, არამედ მომავალზეც ვიზრუნოთ. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გვიწევს რუსეთთან ურთიერთობის ფორმების ძიება. გასული წლის ბოლოს დავიწყეთ პირდაპირი დიალოგი და საწყის ეტაპზე კონკრეტული პრაგმატული საკითხების გადაწყვეტა დავისახეთ მიზნად. შემდეგ ეტაპზე ჩვენ კიდევ უფრო რთული პრობლემების მოგვარება მოგვიწევს. ჩვენს ხალხებს შორის [არსებული] კეთილი დამოკიდებულება გვაძლევს იმედს, რომ ეს პროცესი პოზიტიურად განვითარდება. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა დადებითად შეაფასეს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი, როგორც დაძაბულობის შემცირებისაკენ მიმართული კონსტრუქციული ნაბიჯი. ამ ფონზე, როგორც ჩვენთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისათვის, გაუგებარი და აუხსნელია ჩვენი ქვეყნის სიღრმეში მავთულხლართების გადმოწევა და მაინც, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშიდეს და კვლავ თანმიმდევრულად მივსდევთ ჩვენ მიერ დასახულ პრაგმატულ პოლიტიკას”, – განაცხადა პრემიერმა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე ისაუბრა:

 

“რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ შეიძლება დადგეს, როდესაც სერიოზულ წინსვლას მივაღწევთ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანების გზაზე. კარგად გვესმის, რომ ამ პრობლემას ერთი ხელის მოსმით ვერ გადავწყვეტთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში ქმედით მხარდაჭერას გაგვიწევენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები- აშშ, ევროკავშირის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები. სწორედ ამიტომ, ჩვენი ყოველი ნაბიჯი ისე უნდა იყოს გათვლილი, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენი დახმარება გაუადვილდეთ.  არაერთხელ ვთქვით და ახლაც ხმამაღლა ვაცხადებ: საქართველოს დასავლური ორიენტაცია, ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში, ჩვენი ერის სტრატეგიული არჩევანია, რომელსაც ალტერანტივა არ აქვს. ჩვენ მივაღწევთ საქართველოს დეოკუპაციას, აღვადგენთ ურთიერთობებს ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთნ და ისეთ ქვეყანას შევქმნით, რომელიც ყველასთვის საამაყო იქნება”, – აღნიშნა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი