ახალი ამბები

ივანიშვილი: მზად ვართ ჩვენ ოს და აფხაზ ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის

8 აგვისტო, 2013 • • 2233
ივანიშვილი: მზად ვართ ჩვენ ოს და აფხაზ ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის

პრემიერ–მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა:

 

“5 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ. ის უმძიმესი დღეები მაშინ ყველამ ერთად გადავიტანეთ და განვიცადეთ: ნგრევა და მსხვერპლი, ასეულობით დაღუპული, ახალი ოკუპირებული ტერიტორიები, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეული ჩვენი თანამემამულენი. აი, ეს არის ის უმძიმესი შედეგი, რომელიც 8 აგვისტოს ომმა მოგვიტანა. პატივი და დიდება ყველა იმ ჯარისკაცს და ოფიცერს, ვინც გმირულად იბრძოდა და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა სამშობლოს, სამარადისო ხსოვნა ომში დაღუპულ ადამიანებს, იქნება ეს ქართველი თუ ოსი ჩვენი თანამოქალაქე. მე მჯერა, რომ საქართველოს ისტორიის ამ ტრაგიკული დღეებიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და სწორად გათვლილ სამომავლო გეგმებს დავსახავთ. მწამს, რომ თანმიმდევრული სტრატეგიით ჩვენ შევძლებთ ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის სრულფასოვნად აღდგენას. ჩვენ მოვიკრებთ ძალას და შევძლებთ პატიებას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაღიაროთ ჩვენი საკუთარი შეცდომებიც. უნდა გამოვასწოროთ ის, რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეს მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის. დარწმუნებული ვარ, გამოვნახავთ საერთო ენას ერთიანი სამომავლო ურთიერთობებისთვის. საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური წინსვლა აფხაზებს და ოსებს ჩვენსკენ შემოაბრუნებს და საბოლოოდ დაარწმუნებს მათ, რომ საქართველოა მათი სამშობლო”, – განაცხადა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი