ახალი ამბები

ივანიშვილის პარტიის შემწირველები ‘საქართველოს რკინიგზიდან’

8 აგვისტო, 2013 • 1335
ივანიშვილის პარტიის შემწირველები ‘საქართველოს რკინიგზიდან’

2013 წლის 26 ივნისს 7300 ლარი შეწირა “ქართულ ოცნებას” “საქართველოს რკინიგზის” მგზავრთა გადაყვანის დირექტორის მოადგილემ ხარიტონ შალამბერიძემ.

 

2013 წლის 19 ივლისს “საქართველოს რკინიგზის” სატვირთო გადაზიდვების ფილიალის დირექტორის მოადგილემ მოძრაობის ორგანიზების დარგში, გრიგოლ კვიჟინაძემ პრემიერის პარტიას 10 ათასი ლარი გადაურიცხა.

 

საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა

იმავე დღეს, ასევე, 10 ათასი ლარი გაიღო შემოწირულობის სახით ამავე ფილიალის დირექტორის მოადგილემ კომერციისა და მარკეტინგის დარგში თეიმურაზ ტვილდიანმა; ხოლო “საქართველოს რკინიგზის” ელ. მომარაგების დეპარტამენტის ელ. ენერგიის აღრიცხვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ვახტანგ ჯმუხაძემ – 7000 ლარი; ”საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გურამ გაბუნიამ კი – 5000 ლარი.


“საქართველოს რკინიგზის” სადგურის “თბილისი სატვ” დირექტორმა დავით ნიკოლოზაშვილმა 2978.28 ლარი გადაურიცხა პრემიერ ივანიშვილის პარტიას 29 ივლისს.


მთლიანობაში, “საქართველოს რკინიგზის” წარმომადგენლებმა 2013 წლის 11 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში ბიძინა ივანიშვილის პარტიას 42 ათას ლარზე მეტი შეწირეს. 


“საქართველოს რკინიგზა” არის სახელმწიფოს 100%-იან საკუთრებაში არსებული კომპანია. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აღნიშნული კომპანიის მენეჯმენტში განხორციელდა ცვლილებები. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს კოკა გუნცაძე, გენერალური დირექტორია მამუკა ბახტაძე, ხოლო გენერალური დირექტორის კონსულტანტად მუშაობს გია ხუხაშვილი, რომელიც, იმავდროულად, არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონსულტანტი საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში.


“საქართველოს რკინიგზის” მენეჯმენტის გარდა, “ქართულ ოცნებას” ფული შეწირეს სხვა სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმაც. მაგალითად, 2013 წლის 19 აპრილიდან 11 ივნისის ჩათვლით პერიოდში, “საქართველოს ფოსტის” მენეჯმენტის წარმომადგენლებმა, ჯამში, 90 ათასი ლარი შეწირეს პარტიას, ხოლო “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” ხელმძღვანელებმა – 70 ათასი ლარი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი