საით მიდის ჟენევის პროცესი

აფხაზეთში ხშირად კითხულობენ, რა საჭიროა ჟენევის დისკუსიები? რატომ უნდა გაემგზავროს აფხაზური დელეგაცია შვეიცარიაში, როდესაც ზუსტად ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებებს არავითარი შედეგი ექნება – საქართველო არა მხოლოდ არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ხელსაც არ მოაწერს იურიდიულად გამყარებულ შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. რუსეთმა აფხაზეთი აღიარა, უსაფრთხოება გარანტირებულია, რაღაზე უნდა ვესაუბროთ ქართველებს?

კრიტიკული შეფასებები ქართული მხრიდანაც ისმის – რა აზრი აქვს მოლაპარაკებებს, თუკი რუსეთი საკუთარ აღიარებაზე უარს არ იტყვის, დე ფაქტო საზღვრების დემარკაციასა და საქართველოსგან გამოყოფილი რესპუბლიკების მილიტარიზაციას გააგრძელებს? თავად რეგიონებიც არ შეცვლიან საკუთარ მიდგომას “საქართველოს წიაღში” დაბრუნების საკითხზე. მაშ, რატომ უნდა დავკარგოთ დრო “ოკუპანტთან და მის მარიონეტებთან” საუბარში?!

ლოგიკა გასაგებია. რეალურად, კარდინალური ნაბიჯების გადადგმისთვის მზად არცერთი მხარე არ არის. დისკუსიების მონაწილეთა მიერ საზღვარგარეთ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის სასიამოვნო პროცესის გარდა სხვას რაღა აზრი აქვს?

ჩემთვის ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი ელემენტები მათი მუდმივი ხასიათი და საერთაშორისო დამკვირვებლები არიან. კონფლიქტის მონაწილეთა და მათი პოლიტიკური ელიტების მიმართ უნდობლობა იძულებულს მხდის, რეგიონში არსებული სიტუაციის მუდმივ საერთაშორისო მონიტორინგს მივესალმო. ასევე მნიშვნელოვანია საჯარო განცხადებები დარღვევებისა და ორმხრივი პრეტენზიების შესახებ, რომლებსაც აფიქსირებენ საერთაშორისო დამკვირვებლები როგორც ადგილზე, ასევე, დისკუსიების დროს.

სწორედ ეს იძლევა იმის იმედს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მოახდინოს სწრაფი რეაგირება ნებისმიერ შესაძლო კრიზისზე, ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე.

მეორე – საერთაშორისო დამკვირვებლების არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის, ამ ფორმატის შიგნით წარიმართოს კულუარული მოლაპარაკებები თავისი მოულოდნელი შედეგებით.

ნახეთ, რა ხდება ჟენევის გარეთ. ზუსტად ისევეა აფხაზური საზოგადოება დაძაბული, როდესაც გვერდიდან აკვირდება რუსულ-აფხაზურ ასიმეტრიულ მოლაპარაკებებს, როგორც ქართული საზოგადოება, რომელმაც არ იცის ზუსტი პასუხი, რის შესახებ საუბრობენ გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე, ბატონი აბაშიძისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად…

საუბარი სულაც არ არის რაიმე გლობალურ ან ეროვნული ინტერესების წინასწარ განზრახულ ღალატზე, როგორც არ უნდა დაასკვნან ეს კონფლიქტის ორივე მხარის საზოგადოებებმა. გამჭვირვალობა შეცდომების გამოვლენისთვისაა აუცილებელი. მცირე ჩავარდნები და გაუაზრებელი მოქმედებები დამღუპველი შედეგების მომტანია ხოლმე.

გავიხსენოთ ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც ჟენევის დისკუსიებთანაა დაკავშირებული – პატიმართა გაცვლა 2016 წელს. სანამ პროცესი ჟენევის ფორმატის ფარგლებში ღია რეჟიმში მიმდინარეობდა, სანამ მხარეები ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებდნენ [რვა ქართველში ოთხი ოსი გაცვალეს] – არანაირი ხისტი კომენტარი არ გაკეთებულა. თუმცა ეს განწყობა მაშინვე შეიცვალა, როდესაც სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს პატიმარ გიუნაშვილის შემდეგ გიორგი ლუკავაც გადასცეს. ის აფხაზეთში, დრანდის ციხეში მძიმე დანაშაულების ბრალდებით იხდიდა სასჯელს. აფხაზეთში აღშფოთება გამოიწვია გაუმჭვირვალე “გარიგებებმა” – რა თამაშია ეს ცალ კარში? ვისში გაცვალეს ლუკავა?!

არაოფიციალური პასუხი ამ კითხვაზე “ეხო კავკაზას” ავტორმა იზიდან ჭანიამ მოიპოვა, თუმცა ეს პასუხი, ალბათ, არ აკმაყოფილებს არა მხოლოდ აფხაზ, არამედ ბევრ ქართველსაც, რომელიც შორიდან აკვირდება მოვლენებს. იზიდა ჭანიას წყაროების ინფორმაციით [შენიშვნა – მოგვიანებით ეს ინფორმაცია აფხაზურმა მხარემ დაადასტურა], ქართულმა მხარემ აფხაზ სამართალდამცველებს აფხაზეთიდან გაქცეული როლანდ ჟიბა გადასცა, რომელიც ადამიანის მკვლელობისთვისაა ბრალდებული. გამოდის, ქართველმა სამართალდამცველებმა რაიმე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ეთნიკური აფხაზი დააკავეს და აფხაზ კოლეგებს გადასცეს. თითქოს საუბარია მეგობრულად განწყობილი ქვეყნების ჩვეულებრივ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე.

მსგავსი ტიპის კულუარული შეთანხმებები შესაძლოა გახდეს სერიოზული სკანდალებისა და დაძაბულობის წყარო. კონფლიქტის ზონაში კი ეს ნამდვილად ზედმეტი იქნებოდა.

მესამე – როდესაც საუბარი შეეხება რუსეთთან მოლაპარაკებებს, არის თუ არა შესაძლებელი, მისი რესურსებისა და გამოცდილი დიპლომატების გათვალისწინებით, რომ მომლაპარაკებლებმა [ქართველი, აფხაზი, ოსი – არ აქვს მნიშვნელობა] თანასწორ გარემოში, იურიდიული და პოლიტიკური გათვლების გარეშე შეძლონ მოლაპარაკება? ასეთი გაუმჭვირვალე მოლაპარაკებების დროს დაშვებული შეცდომის ფასს მხოლოდ წლების შემდეგ გავიგებთ, რაც შეიძლება ძალიან მაღალი აღმოჩნდეს. რკინიგზის კრედიტის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა აფხაზეთს წელიწადში ასეულობით მილიონი რუბლი უჯდება, ასეთი მაგალითები კი “ასიმეტრიული” ურთიერთობების პირობებში ბევრია.

ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობენ მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების გაფორმების კოლოსალური გამოცდილების მქონე ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები. განცხადებები კი იმის შესახებ, რომ ჩვენი მაქსიმალური მიზნები ვერ იქნება რეალიზებული ამ მექანიზმის ფარგლებში – პოლიტიკური ინფანტილიზმის დემონსტრირებას ნიშნავს. ჟენევა რეგიონალური დიპლომატიისთვის სკოლად იქცა, ამ პროცესში კი დადებითის დაუნახაობა შეუძლებელია.

რა თქმა უნდა, ყველა უბედურებას რომ თავი დავაღწიოთ, ამის პანაცეა არ არსებობს, არც ჟენევის ფორმატია იდეალური და მისი შეცვლა შეიძლება. რთულია განსაზღვრო, შესაძლებელია თუ არა ხარისხობრივად რაიმე ახლის შეტანა დისკუსიებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის წინადადება, თავად მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში, საინტერესოა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს თავად სურს რეალურად ახალი, არაორდინარული რამ შესთავაზოს მხარეებს. თუ ეს ასე არ არის, სჯობს, მიმდინარე მოლაპარაკებები პროფესიონალ დიპლომატებს მიანდონ და ჟენევის მოედანი პოლიტიკური აქციების არენად არ გადააქციონ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დემის პოლანდოვი არის რადიო "თავისუფლების" პროექტ "ეხო კავკაზას" მთავარი რედაქტორი. ნეტგაზეთისთვის ის რეგულარულად წერს სტატიებს აფხაზეთზე