ახალი ამბები

აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას ქუთაისში პატივი მიაგეს

8 აგვისტო, 2013 • 1803
აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას ქუთაისში პატივი მიაგეს

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცები მოსახსენიებლად ქუთაისში, მათი სახელობის მემოარიალთან მეუფე კალისტრატემ პანაშვიდი გადაიხადა. ადგილზე იმყოფებოდნენ ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე. 

ქუთაისის მერის, დიმიტრი კოპალიანის გაცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაღუპულთა ოჯახებს დაეხმაროს:

“ჩვენ დღეს ვცემთ პატივს დაღუპულთა ოჯახებს, მოვედით აქ. მე დაინტერესებული ვარ, რომ რამენაირად დავეხმაროთ ამ ადამიანებს. 8 ოჯახს ახლა გამოვუყავით მატერიალური დახმარება 1000–1000 ლარის ოდენობით. ჩვენ ვგეგმავთ, ცალკე შევხვდეთ მათ და ვიყოთ მათ გვერდში.”

“5 წელი გავიდა, თაობა იზრდება, ისტორია იწერება და ჩვენ ამ ძალიან მწუხარე სიტუაციიდან რაღაც რეალური დასკვნები უნდა გავაკეთოთ. არ გვინდა ცუდი, მშვიდობა ყოველთვის სჯობს,” – განაცხადა მეუფე კალისტრატემ.

მეუფე კალისტრატე და დიმიტრი კოპალიანი
მეუფე კალისტრატე და დიმიტრი კოპალიანი

პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთში ვახტანგ ბალავაძე მიიჩნევს, რომ ყველა მოქალაქეს უნდა ახსოვდეს აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროები:

“დღეს მათი დამსახურება არის, რომ საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე ქართული ეროვნული დროშა ფრიალებს. ფაქტი ერთია, რომ ის, რაც ჰქონდა განზრახული რუსეთს, ოკუპანტს, მან მიზანს ვერ მიაღწია.”

მისივე განმარტებით, ბრძოლა გრძელდება:

“ჩვენ ვხედავთ, რომ ფარულად იქნება, თუ ღიად იქნება, მცოცავი, თუ სხვა ფორმით განაგრძობს ანექსირებას ჩვენი ქვეყნის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დაგვავიწყდეს ეს ბიჭები, 2008 წელი. ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება დეოკუპაცია იმ ტერიტორიების, რაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.”

გიორგი თევდორაძის თქმით, ქვეყანას ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე გააჩნია და მას რუსეთი ჰქვია:

“5 წელი გვაცილებს იმ ავადსახსენებელ დღეებს, რაც იყო ქართული გმირობის, ჯიშის და გენის მედეგობის, ასევე, ზოგან ღალატის და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი დასტური, თუ რა ზრახვები, რა მისწრაფებები ამოძრავებს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ და, საბედნიეროდ, ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას გააჩნია გარკვეული ღირებულებები, რომლებიც ნებისმიერ პოლიტიკურ და პარტიულ ღირებულებებზე მათლა დგას. დღევანდელი დღეც და დღევანდელი აქციაც, ვფიქრობ, რომ ერთგვარი დასტურია, აი, ამ მაღალი ღირებულებების. დღეს ძალიან ნათლად ჩანს, რომ ჩვენს ქვეყანას ერთი მნიშვნელოვანი საგარეო საფრთხე გააჩნია და მას ჰქვია რუსეთი, თავისი აგრესიული პოლიტიკით, თავისი ანექსირებადი მისწრაფებებით საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ, ოპოზიციასაც და პოზიციასაც, უმრავლესობასაც და უმცირესობასაც, იმისტებსაც და ამისტებსაც, მე ვფიქრობ, რომ მართებთ ერთად დასხდომა, ფიქრი ამ მნიშვნელოვანი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.”

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ქუთაისში
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ქუთაისში

მასალების გადაბეჭდვის წესი