ახალი ამბებიკომენტარი

რა ხდება ირანში – ეკა აკობიას შეფასება

3 იანვარი, 2018 • 5449
რა ხდება ირანში – ეკა აკობიას შეფასება

რა ხდება ირანში – ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, პროფესორი ეკა აკობია თავის შეფასებას ფეიბუკზე აქვეყნებს, რომელსაც ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ: 


ბოლო, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები ირანში 2009 წელს მოხდა, როდესაც ხალხი საარჩევნო პროცესს აპროტესტებდა, მაგრამ ეს გამოსვლები განსხვავდება ყველა წინა გამოსვლისაგან იმით, რომ პროტესტანტები ღიად მოითხოვენ უმაღლესი ლიდერის, ხამეინის რეჟიმის დამხობას. ამის გამო ამ დემონსტრაციებს კონტრრევოლუციურსაც უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ამ პროტესტის ფარგლებში ასევე ისმის ირანის რეგიონული საგარეო პოლიტიკის კრიტიკაც (!) რაც ასევე სიახლეა და ძირითადად, რელიგიური ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული.

ეს არის დემონსტრაციები ხალხი – რეჟიმის და ხალხი კონფორმიზმის წინააღმდეგ. ირანის ზომიერი პრეზიდენტი რუჰანიც არის სამიზნე. მიხუდავად იმისა, რომ ირანში ბოლო წლების ყველა რეფორმა რუჰანის და მისი გუნდის დამსახურებაა, მათ ხალხი უწუნებს რეფორმების ტემპს და შედეგებს, მათ შორის აპროტესტებენ კორუფციას და ეკონომიკურ ჩამორჩენილობას (ინფლაციას, განვითარების დაბალ ტემპს, ბირთვული შეთანხმების მიუხედავად არასაკმარის პროგრესს საგარეო ურთიერთობებში).

ვერც ირანის მთავრობამ და ვერც დასავლეთმა ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმების შესაძლებლობათა ფანჯარა ვერ გამოიყენა.

ირანის შეცდომები: შეთანხმების გაფორმებიდან მალევე ბალისტიკური რაკეტების გამოცდამ შეარყია დასავლეთის და პირველ რიგში აშშ-ის (ობამას ადმინისტრაციის) ნება გაეუმჯობესებინა ურთიერთობები ირანთან. მართალია ირანში წყება-წყებად ჩადიოდნენ ევროპული დელეგაციები (აღსანიშნავია იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ევროკავშირის ვიზიტები), მაგრამ სწრაფი ეკონომიკის გაჯანსაღება არ დადგა, რადგან მძიმე სანქციებით დაშინებულმა ბანკებმა, განსაკუთრებით აშშ-ის ბანკებმა, ვერ მოახერხეხს მასშტაბური ბიზნეს გარიგებების უზრუნველყოფა. ამას დაერთო ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლა და მტრული რიტორიკის განახლება. შესაბამისად, იმის გამო, რომ ბევრ ევროპულ ბიზნესს აშშ-ს ფინანსურ ინსტიტუტებთან აქვს მჭიდრო კავშირები, “ბირთვული შეთანხმების” შედეგად პოზიტიურმა ინერციამ, მთავრობებისა და ევროკავშირის მოწოდების მიუხედავად, ტემპი ვერ აკრიფა. შესაბამისად, ირანის ეკონომიკა ისე არ განვითარდა, როგორც ივარაუდებოდა; ივენსტიციები იმდენი არ შემოვიდა, რამდენზე გათვლაც რუჰანის ჰქონდა. ამას და შიგნით არსებულ კორუფციას მოყვა რუჰანის ამომრჩევლების დიდი იმედეგაცრუება.

დასავლეთის შეცდომები: ახლო აღმოსავლეთში საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის არ ქონა (ეს გადაჰყვა ტრამპის ადმინისტრაციას და პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდა). ხშირად ერთმა ხელმა არ იცის მეორე რას აკეთებს; სარბიელი [დროებით] დატოვებულია რუსეთისვის, რომელიც ამ ვითარებით სარგებლობს [როგორც შეუძლია].

ირანში სამი ძირითადი პოლიტიკური ფრთაა წარმოდგენილი, რომლებიც ერთად თანაცხოვრობენ: ზომიერი, კონსერვატიული და რადიკალური. ვარაუდობენ, რომ პროტესტის გაღვივება მოლების მიერ მოხდა, პირველ რიგში ქალაქ მეშჰედში, საიდანაც გახლავთ რუჰანის მთავარი მოწინააღმდეგე, კონსერვატორი სასულიერო პირი – ებრაჰიმ რაისი. მეშჰედში ცხოვრობს მისი სიმამრი, რადიკალური ფრთის წარმომადგენელი სასულიერო პირი, გავლენიანი აჰმად ალამოლჰოდა. ეს ძალიან ძლიერი კლანი რუჰანის რეფორმების წინააღმდეგია. ამ ბოლო დროს აპროტესტებდნენ ირანში კონცერტების გამართვის ნებართვას, ხოლო მეშჰედში დემონსტრაციები დაიწყო თეირანის პოლიციიის უფროსის განცხადების შემდგომ (განცხადება ეხებოდა გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ირანში ქალებს თავშლის დაუხურავად ქუჩაში გამოსვლისთვის აღარ დააპატიმრებდნენ, მხოლოდ სპეციალური კურსის გავლას მიუსჯიდნენ). თუმცა, როგორც ვხედავთ, რელიგიური კონსერვატივიზმის დაცვის მიზნით მოლების მიერ წაქეზებული პროტესტი მეტი სამოქალაქო თავისუფლებებისთვის ბრძოლაში გადაიზარდა.

როგორც ირანის ვიცე პრეზიდენტმა ეშაქ ჯაჰანგირმა განაცხადა, ვინც პროცესების მართვას ცდილობს მთავრობის წინააღმდეგ, “თავადაც თითებს დაიწვავს”.

მართლაც, დღეების წინ დაწყებულმა პროტესტმა სხვა მიმართულება მიიღო, ვიდრე რელიგიურ ლიდერებს სურდათ: დემონსტრანტები რადიკალურად ეწინააღდმეგებიან როგორც არჩეულ ასევე რელიგიურ ხელისუფლებას. ამგვარმა პროტესტმა შეიძლება ამ ორი ბანაკის (არჩეული და რელიგიური ხელისფულების) ერთამენთთან შედუღაბება გამოიწვიოს (დროებით მაინც), თუ რუჰანი ვერ მოახერხებს ხალხის გვერდზე დადგომას. ამ ეტაპამდე მან აღიარა, რომ შეცდომები იქნა დაშვებული, თუმცა, ასევ იცის, რომ გუშაგთა კორპუსი ძალიან ძლიერია და მთავრობა უფრთხის “რკინის მუშტს”. საინტერესოა, არჩეული ხელისუფლება დადგება თუ არა ხალხის გვერდით. ამ დრომდე ათობით დემონსტრანტია დაღუპული, ხოლო გუშაგთა კორპუსმა ასობით ადამიანი უკვე დააკავა.

რაც უფრო მნიშვნელოვანია, გარე სახელმწიფოებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ არ არსებობს ნაციონალიზმზე უფრო ძლიერი იდეოლოგია! ამიტომ, ნებისმიერი განცხადება უნდა იყოს მოზომილი, არ უნდა ატარებდეს “ჩარევის” ან გარედან პროცესების კარნახის ფორმას. მითუმეტეს, რომ მთავრობაც და რელიგიური ხელისუფლებაც უმალ ეცდებიან (უკვე გააკეთეს არაერთი განცხადება) გარეშე მტრის ხატი შექმნან, ამით დააკნინონ ხალხის პროტესტის ძირითადი საგანი (კორუფცია, ეკონომიკა, უფლებები, უფრო მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკა) და შესაბამისად, დაამცირონ პროტესტანტების სამართლიანი მოთხოვნები. ამის გამო შესაძლოა ხალხი (პროტესტანტები) მოექცეს ჩიხში და ვეღარ გააკეთოს არჩევანი “ცუდსა და უარესს” შორის, რაც მათი გათიშულობით და დამარცხებით დასრულდება. დემომონსტრაციებს რომ გამოკვეთილი ლიდერი/ლიდერები არ ჰყავთ, ესეც არის ამ ახალი მოძრაობის სისუსტე. ასეთ ვითარებაში არჩეულ მთავრობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი