ახალი ამბები

სპეცოპერაციები თბილისსა და პანკისში: ოპოზიციის კითხვები ხელისუფლებას

3 იანვარი, 2018 • 2151
სპეცოპერაციები თბილისსა და პანკისში: ოპოზიციის კითხვები ხელისუფლებას

ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლასა და პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციას სუს-თან კითხვები აქვს. “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მიიჩნევენ, რომ ორივე შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტაცია ბუნდოვანია, რაც საზოგადოებაში დამატებით კითხვებს აჩენს. შესაბამისი განცხადებები პარტიების წარმომადგენლებმა დღეს, 3 იანვარს გააკეთეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაზა ბიბილაშვილის თქმით, ხელისუფლებისგან ამ დრომდე არ გახმიანებულა კონკრეტული პასუხი მთავარ კითხვებზე, რომლებიც თბილისსა და პანკისში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ამ კონტექსტში ბიბილაშვილი, ერთი მხრივ, ჩატაევისა და მისი თანმხლები პირების ქვეყანაში მოხვედრის მიზეზს, მეორე მხრივ კი, პანკისში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის გარემოებებს უსვამს ხაზს.

“არსებობს კითხვები, როგორ შემოვიდა საერთაშორისო ტერორისტების სიაში შესული ჩატაევი და მისი თანმხლები პირები საქართველოში; ვინ მიაწოდა მათ პრაქიტკულად ერთი ბატალიონის სამყოფი შეიარაღება, რომლითაც 24 საათის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდნენ ასობით სპეცრაზმელს. ეს კითხვები რჩება პასუხგაუცემელი. არსებობს უაღრესად დიდი ეჭვი, რომ ეს ვერ მოხდებოდა, რომ არ არსებობდეს მაღალი რანგის მფარველი ხელისუფლების შიგნით.

შესაბამისად, რაც მოხდა პანკისში, უშუალოდ უკავშირდება ჩატაევის სპეცოპერაციას, თუმცა ის ახსნები, რომლებსაც ხელისუფლება გვთავაზობს, არადამაჯერებელია. ჩვენ ვხედავთ თავად პანკისელების რეაქციას. ჩვენ ვხედავთ, რომ თავდაპირველი ვერსია, რომელიც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, მცდარია. ამბობდნენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ცდილობდა ყუმბარის აფეთქებას, როცა მის სახლში შევიდა სპეცრაზმი, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყუმბარა საქმის მასალებში საერთოდ არ ფიგურირებს და დიდია ალბათობა, რომ ამ ბიჭს უბრალოდ მძინარეს ესროლეს. დღეს მთავარია, რომ სუს-მა საზოგადოებას უთხრას სიმართლე და ეს სიმართლე იყოს დამაჯერებელი”, – ამბობს ბიბილაშვილი.

“ქართულ ოცნებას” ინფორმაციის არასაკმარისად გავრცელებაში ადანაშაულებს “ევროპული საქართველოც”. გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ცნობა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენს.

,, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ცდილობს, თავი დაიძვრინოს არაკომპეტენტური ნაბიჯისგან. “ევროპული საქართველოს” აზრით, ის, რაც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, არ ადევს გრიფი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, ხოლო რაც წარმოადგენს სახელმწიო საიდუმლოებას, ამისთვის არსებობს საპარლამენტო კონტროლის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, ნდობის ჯგუფი, რომელსაც სამწუხაროდ, მთავრობა იგნორირებას უკეთებს,’’ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მოვლენათა ქრონოლოგია მოკლედ:

  • 21 ნოემბერი: თბილისში, გაბრიელ ბერის ქუჩაზე სუსმა კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც მოკლეს სამი პირი, მათ შორის ახმედ ჩატაევი და დააკავეს ერთი.
  • 26 დეკემბერი: პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად  დააკავეს 5 ადამიანი: ზურაბ გორნაკაშვილი,  რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი;
  • დაკავებულებს ბრალი ედებათ ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფაში.
  • სუს–ის ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული  პირები დაეხმარნენ ტერორისტებს ბინის და იარაღის მოძიებაში. მათ შორის ჩატაევს, რომელიც სამართალდამცველებმა თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.
  • 26 დეკემბერი: თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს;
  • უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი