ახალი ამბები

პრემიერის საახალწლო მილოცვა ბაკურიანიდან

1 იანვარი, 2018 • 2693
პრემიერის საახალწლო მილოცვა ბაკურიანიდან

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი ბაკურიანიდან მიულოცა.

“ახალი 2018 წელი საქართველოსთვის ნამდვილად განსაკუთრებულია. ეს წელი ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და ყველა ჩვენგანისთვის ახალი შესაძლებლობების კიდევ ერთ წელს. გისურვებთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ყველა თქვენი იდეის განხორციელება შესაძლებელია; სადაც ყველანი ვუფრთხილდებით არსებულს და, ამავე დროს, საკუთარი ხელით ვქმნით ჩვენს მომავალს; სადაც ყველა ვაკეთებთ ჩვენს საყვარელ საქმეს და ყველას შეგვიძლია, ჩვენი ცოდნით და გამოცდილებით ვემსახუროთ ჩვენს საყვარელ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს. ჩვენ სწორედ ასეთ საქართველოს ვაშენებთ.

წლევანდელ ახალ წელს გილოცავთ ბაკურიანიდან – ადგილიდან, რომელიც თოვლს, ახალ წელს, ჩვენს ბავშვობას, ახლა კი უკვე ჩვენი შვილების საუკეთესო დღეებს უკავშირდება. ბაკურიანი, ამავე დროს, ჩვენი მომავლის, ჩვენი განვითარების ნაწილიც გახლავთ. მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს ადგილი, ისევე, როგორც ჩვენი ულამაზესი სამშობლოს თითოეული ლამაზი კუთხე სულ უფრო და უფრო მეტი დადებითი ემოციით და იმედით აივსება”, – განაცხადა პრემიერმა.

მან ახალი წელი აფხაზ და ოს მოქალაქეებსაც მიულოცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი