ახალი ამბები

როგორ დავიცვათ საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება „ასაფეთქებლებისგან“ – რეკომენდაციები

31 დეკემბერი, 2017 • 2519
როგორ დავიცვათ საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება „ასაფეთქებლებისგან“ – რეკომენდაციები

ახალი წლის ღამეს, მოსახლეობა დიდი რაოდენობით პიროტექნიკული ნაწარმს იყენებს, რის გამოც მნიშვნელოვნად იზრდება კონკრეტული პირის, ან შენობა-ნაგებობის დაზიანების საფრთხე. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება და თავიდან ავიცილოთ არასასურველი შემთხვევები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, რეკომენდირებულია:

  • არ გამოიყენოთ პიროტექნიკა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეში;
  • სადღესასწაულო „ასაფეთქებლებს“ მოარიდოთ მოზარდები და არ დართოთ მათი გამოყენების უფლება, უკიდირეს შემთხვევაში, მეთვალყურეობის გარეშე;
  • გაეცნოთ პიროტექნიკული ნაწარმის კონკრეტული სახეობის გამოყენების ინსტრუქციას;
  • თავისუფალი გაყიდვისათვის ნებადართული პიროტექნიკური შემადგენლობის მქონე ნაკეთობა, რომელიც განკუთვნილია სინათლის, ხმოვანი, კვამლის და კომბინირებული ეფექტების შესაქმნელად, გამოყენებამდე, შეინახეთ სახანძრო- უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად;

ამასთანავე, ახალი წელის დღეებში მნიშვნელოვნად იზრდება შენობა-ნაგებობების დაზიანების საფრთხეც. შესაძლო ზარალის თავიდან აცილების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გირჩევთ:

  • არ დატოვოთ კარი და ფანჯარა ღია მდგომარეობაში მაშინ, როდესაც მოსახლეობა მასობრივად დაიწყებს პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენებას;
  • ნუ დადებთ ღია აივანზე ნივთებს, რომელსაც შესაძლოა ცეცხლი სწრაფად მოედოს;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მშვიდობიან და უსაფრთხო სადღესასწაულო დღეებს გისურვებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი