ახალი ამბები

მსხვერპლი, შეტაკებები და დაბლოკილი სოც. მედია – ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება

31 დეკემბერი, 2017 • 3453
მსხვერპლი, შეტაკებები და დაბლოკილი სოც. მედია – ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება

ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. 2009 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურმა საპროტესტო კამპანიამ ქვეყნის როგორც მსხვილი, ისე პატარა ქალაქები მოიცვა და არაერთ შემთხვევაში პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო “Mehr”-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ლორესტანის პროვინციის ქალაქ დორუდში 2 დემონსტრანტია დაღუპული. პროვინციის გუბერნატორმა მსხვერპლსა და არეულობაში “უცხოელი აგენტები” დაადანაშაულა და პოლიციის ბრალეულობა გამორიცხა.

ირანში საპროტესტო აქციები ხუთშაბათს, სიდიდით მეორე ქალაქ მაშჰადში დაიწყო. ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ცნობით, ათასობით ადამიანი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და პროდუქტის მზარდი ფასების წინააღმდეგ შეიკრიბა, თუმცა მოგვიანებით გამოსვლებმა ანტისამთავრობო მოძრაობის სახე მიიღო. BBC-ის ცნობით, აქციებზე უარყოფითი სლოგანები ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის, პრეზიდენტ ჰასან რუჰანისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართაც ისმის.

ირანში არსებული შეზღუდული მედიაგარემოს ფონზე, აქციების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, ძირითადად, სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება. BBC-ის ირანის ბიუროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ქვეყნის ერთ-ერთ ქალაქში აქტივისტებსა და პოლიციას შორის შაბათს მომხდარი შეტაკებაა ასახული, რომელშიც ჩანს, თუ როგორ იყენებს პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლს.

კიდევ ერთ ვიდეოში, რომელიც ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ გაავრცელა, პოლიციასა და თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის მომხდარი დაპირისპირება ჩანს. ორგანიზაციის ცნობით, სტუდენტები სპეც. დანიშნულების რაზმის მისამართით სკანდირებდნენ: “სირცხვილი!”

31 დეკემბერს “ტვიტერზე” “ამერიკის ხმის” ირანის ბიუროს მიერ გადაღებული ვიდეოც გავრცელდა, რომლის მიხედვითაც თეირანში აქციის მონაწილეები პოლიციის ავტომობილს ატრიალებენ და ცეცხლს უკიდებენ.

ირანის მთავრობამ პროტესტს აქტივისტთა ქმედებების არალეგალურად გამოცხადებითა და პროსამთავრობო გამოსვლების ორგანიზებით უპასუხა. შაბათს, 30 დეკემბერს თეირანსა და სხვა ქალაქებში მთავრობის ათასობით მომხრე გამოვიდა. უკვე დღეს კი ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებზე, მათ შორის “ინსტაგრამსა” და “ტელეგრამზე” წვდომა შეზღუდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სოც. ქსელების “არასწორი გამოყენებით” გარკვეული ძალები საზოგადოებაში შიშსა და დაძაბულობას თესავენ. მისივე თქმით, ისინი აღნიშნულისთვის “შესაბამის ფასს გადაიხდიან”.

ირანში განვითარებულ მოვლენებს ერთ-ერთი პირველი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. “ტვიტერის” მიკრობლოგზე ტრამპმა ოფიციალური თეირანი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ აშშ აღნიშნულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება:

“ხალხი, როგორც იქნა, მიხვდა, რომ მათ ფულსა და სიმდიდრეს იპარავენ და ტერორიზმის მხარდაჭერას ახმარენ. ჩანს, რომ ისინი მეტს აღარ მოითმენენ. აშშ ყურადღებით აკვირდება ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს”.

საპროტესტო კამპანია ირანში 2009 წელს განვითარებული მოვლენების 8 წლისთავს დაემთხვა. მაშინ ე.წ. “მწვანე მოძრაობის” მილიონობით აქტივისტი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა, რომლის ძალითაც ქვეყნის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს მაჰმუდ აჰმადინეჯადი. სისხლიან პროტესტს, რომელიც მასშტაბებით ყველაზე დიდი იყო 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, 30 ადამიანი შეეწირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი