ახალი ამბები

მოქალაქეებმა ზვიად რატიანის ჯარიმის გადასახდელად 2000 ლარი შეაგროვეს

29 დეკემბერი, 2017 • 5342
მოქალაქეებმა ზვიად რატიანის ჯარიმის გადასახდელად 2000 ლარი შეაგროვეს

მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი 2000 ლარით დააჯარიმა, პოეტის მეგობრებმა და მხარდამჭერებმა გადაწყვიტეს, რომ არცერთი თეთრი გადაეხადა პოლიციელების მიერ ნაცემ ადამიანსა და მის ოჯახს. მოქალაქეებმა 2000 ლარი რამდენიმე საათში შეაგროვეს.

ზვიად რატიანის მკურნალობისთვის და წამლების შესაძენად თანხის შეგროვება გრძელდება. საბანკო ანგარიში მაშო სამადაშვილის სახელზეა გახსნილი. სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თანხის გადარიცხვა: GE16TB7727145061100033 .

[red_box]ზვიად რატიანის საქმე – ვრცლად[/red_box]

ზვიად რატიანი 24 დეკემბერს, ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავება, ხოლო პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

თბილისის საქალაქო პოლიციელების მიერ ნაცემი ზვიად რატიანი სამართალდამცველების ლანძღვა-გინებისა და დაუმორჩილებლობისათვის 29 დეკემბერს 2000 ლარით დააჯარიმა. გამომცემელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის, გვანცა ჯობავას ინფორმაციით, მოსამართლე ქეთევან მინაშვილმა გადაწყვეტილების მიღებისას ზვიად რატიანს მიმართა, რომ ახალი წლის დღეების გამო დააკისრა მხოლოდ ჯარიმა და არ პატიმრობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება.

პოეტს სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის სახის არეში. ზვიად რატიანი აცხადებს, რომ მას არაერთი პოლიციელი მხოლოდ იმის გამო ურტყამდა, რომ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ. დაშავებულის თქმით, თავდაპირველად ოთხი უცნობი პირი მივიდა მასთან სამოქალაქო ფორმით, რასაც შსს უარყოფს და აცხადებს, რომ ვიდეო-მასალა არსებობს, სადაც ზვიად რატიანი პოლიციელებს აგინებს და არ ემორჩილება.

ზვიად რატიანს მხარდაჭერას უცხადებენ მისი კოლეგები, რომლებიც აცხადებენ, რომ როდესაც ცნობილ პოეტს ასე გამეტებით სცემენ სამართალდამცველები, რთული წარმოსადგენი არ არის, რას გაუკეთებენ ისინი უცნობ მოქალაქეს.

შსს-ს განმარტებებსა და სამართალდამცველების გამამართლებელ განცხადებებას მწერლები “ბრიყვულს” უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ საპატრულო პოლიცია საბჭოთა მილიციად გადაიქცა. ისინი იმ პოლიციელების სამაგალითო დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც ზვიად რატიანი სასტიკად სცემა.

მოგვიანებით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობის გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი