ახალი ამბები

მომავალი წლიდან შესაძლოა შსს-სა და NGO-ების სამუშაო ჯგუფი შეიქმნას

29 დეკემბერი, 2017 • 2583
მომავალი წლიდან შესაძლოა შსს-სა და NGO-ების სამუშაო ჯგუფი შეიქმნას

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც შეკითხვები დაუსვეს აქტუალურ და მწვავე საკითხებზე, მათ შორის, საპოლიციო კონტროლის, ადამიანის უფლებების დაცვის და ნარკოპოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, სხვა მნიშვნელოვან თემებზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ მიმდინარე საკითხებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის, სოფო ვერძეულის ინფორმაციით, მომავალი წლიდან შსს-ს ხელმძღვანელებს შესთავაზეს სამუშაო ჯგუფისა და ფორმატის შექმნა, რაზეც სამინისტროს ხელმძღვანელებს საწინააღმდეგო აზრი არ დაუფიქსირებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქცენტი გაკეთდა კრიმინალური პოლიციის რეფორმირებისა და უბნის ინსპექტორების საკითხებზე, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შს მინისტრს კითხვები დაუსვეს იმ მწვავე საკითხებზე, რომლებსაც ხედავენ პოლიციის საქმიანობაში, მათ შორის, სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების პრობლემისა და ცალკეული საქმეების შესახებ.

როგორც სოფო ვერძეული ამბობს, შს სამინისტროს ხელმძღვანელებთან კიდევ ერთხელ დასვა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობის საკითხი. EMC-ის წარმომადგენელმა ისაუბრა გენერალური ინსპექციის გაუმჯობესების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე:

“საუბარი ასევე იყო ნარკოპოლიტიკაზე, ჩხრეკის საკითხზე, ნარკოტიკის შესაძლო ჩადებისა და სხვა პრობლემებზე, რაც შესაძლოა შსს-ს ჰქონდეს. ჩვენ გავაჟღერეთ ინიციატივა, რომ შეიქმნას ერთგვარი სამუშაო ფორმატი მომავალი წლიდან, სადაც ყველა ამ საკითხებს უფრო დეტალურად განვიხილავთ.”

[red_box]როგორ უპასუხა არასამთავრობოებს შსს-ს ხელმძღვანელობამ[/red_box]

სოფო ვერძეულის თქმით, საკითხთა დიდ ნაწილთან დაკავშირებით, რომელზეც დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს, არ ყოფილა წინააღმდეგობა სამინისტროს ხელმძღვანელების მხრიდან:

“ძირითადად, პრინციპების დონეზე, საკითხების დიდ ნაწილზე პრობლემა დანახულია მათი მხრიდან, თუმცა მოგვარების გზებზე დეტალურად არ გვისაუბრია. ეს ნაბიჯები გადასადგმელია და არ ვფიქრობ, რომ ამაში რაიმე წინააღმდეგობა შსს-ს ხელმძღვანელობას ჰქონდეს. პირიქით, ღიად იყო საუბარი, რომ ნამდვილად არის თითოეული ამ რეფორმის საჭიროება პოლიციაში, მათ შორის, სამუშაო ჯგუფთან და ფორმატთან დაკავშირებით ითქვა, რომ ღიაობა მათაც სჭირდებათ და ამიტომ გარკვეული სამუშაო ფორმატის შექმნაზე ინფორმაციას შეგვატყობინებენ.”

შეხვედრის ინიციატორი თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო. მინისტრმა სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე, სამინისტროს გამოწვევები და მიზნები გააცნო. გიორგი გახარიას განცხადებით, უწყებაში რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა და მხარდაჭერა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ღიაა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისთვის, კრიტიკის, მოსაზრებებისა და წინადადებებისთვის, რაც ხელს შეუწყობს სამართალდამცავი სტრუქტურის ეფექტიანობის, გამჭვირვალობის ამაღლებასა და საზოგადოების საჭიროებებზე მეტად ორიენტირებულობას.

შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

მასალების გადაბეჭდვის წესი