ახალი ამბები

გაბაშვილი: თუ ყოფილ ხელისუფლებას დაბრალდა ყველაფერი, რუსეთს პოზიციები გაუმყარდება

7 აგვისტო, 2013 • • 1108
გაბაშვილი: თუ ყოფილ ხელისუფლებას დაბრალდა ყველაფერი, რუსეთს პოზიციები გაუმყარდება

გოკა გაბაშვილმა ამის შესახებ დღეს, 7 აგვისტოს, პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა. ის თავის გამოსვლაში “რუსთავი 2″–ის მიერ დიმიტრი მედვედევთან ჩაწერილ ინტერვიუს გამოეხმაურა.

 

“საერთაშორიო  სამართლის მიხედვით, რუსების მიერ მიტაცებული ტერიტორიები კვლავ საქართველოა და როგორი იმედიც არ უნდა ჰქონდეთ მათ, რომ ეს ვითარება შეიცვლება, ეს არ შეიცვლება, თუ საქართველომ თავად არ მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება.  სწორედ ეს მცდარი გადაწყვეტილებები საქართველოს მხრიდან არის დღესაც რუსეთის მიზანი და ამაზე მან[დიმიტრი მედვედევმა] გუშინ ძალიან გასაგებად ისაუბრა. მან თქვა, რომ საქართველოსთან ურთიერობების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს შეეგუება ე.წ. ახალ რეალობას, ეს „ახალი რეალობა“ სხვა არაფერია, თუ არა ამიერკავკასიაში ხუთი სახელმწიფოს არსებობა და არა სამის, რუსეთს საქართველოში სამი საელჩო ექნება და არა –ერთი. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს უფლება არ აქვს ჰქონდეს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა და რუსეთი ყოველთვის შეეწინააღმდეგება საქართველოს სწრაფვას ევრო–ატლანტიკური სტრუქტურებისკენ.  გუშინ ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ურცხვი და ცინიკური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როცა მედვედევი ისევ ცდილობდა გაემართლებინა საქართველოს ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს წარმოეჩინა ეთნიკურ კონფლიქტებად მაშინ, როცა ყველამ ვიცით, ეს არანაირი ეთნიკური კონფლიქტი არ არის და დანარჩენ საქართველოში დღეს უფრო მეტი ეთნიკურად ოსი ცხოვრობს, ვიდრე ცხინვალის რეგიონში და ომის პერიოდშიც კი არანაირი სიტყვიერი შელაპარაკებაც კი არ მომხდარა ოსებსა და ქართველებს შორის”,  – განაცხადა გოკა გაბაშვილმა. 

 

გოკა გაბაშვილი
გოკა გაბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი