ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე: ვიზების გაუქმებაზე საუბარი არ არის, რადგან რუსეთი ამას უკავშირებს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას

7 აგვისტო, 2013 • • 996
ზურაბ აბაშიძე: ვიზების გაუქმებაზე საუბარი არ არის, რადგან რუსეთი ამას უკავშირებს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას

რაც შეეხება იმას, თუ რაზე მიუთითებს მედვედევის მიერ საქართველოს საკითხზე მედიისთვის მიცემული ორი ინტერვიუ, აბაშიძე ამბობს:

 

ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე

“ჩემი აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო–რუსეთის დიალოგის დაწყებას რუსეთი, საერთო ჯამში, პოზიტიურად აფასებს და ისიც ხედავს პერსპექტივას და სარგებელს ამ დიალოგისაგან. რუსეთის ტონი შეცვლილია პოზიტიურისკენ. მედვედევის შეფასებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით იგივეა და ალბათ ვერც შეიცვლებოდა, თუმცა ჩვენ ამ შეფასებებში ვერ შევთანხმდებით. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ გამოსავალი უნდა ვეძიოთ ამ მდგომარეობიდან და მომავლისკენ უნდა ვიყუროთ, ის, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, მიუხედავად აზრთა სხვაობისა კარდინალურ თემებთან დაკავშირებით, ეს უკვე განსხვავებული მიდგომაა, რადგან  2008 წლის შემდეგ ურთიერთობა შეწყდა და საერთოდ არ ვსაუბრობდით”, – აღნიშნა აბაშიძემ.

 

აბაშიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ასევე გამოეხმაურა მედვედევის მიერ სავიზო რეჟიმის საკითხზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც რუსეთის პრემიერმა სავიზო რეჟიმის გაუქმების ერთ–ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა დაასახელა.

 

“როგორც რუსეთის მხარე გვარწმუნებს, ამ ეტაპზე დღის წესრიგში დგას საკითხი ვიზების გამარტივების შესახებ საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის და რაღაც პროგრესს ველით ამ მიმართულებით ახლო მომავალში, მაგრამ ვიზების გაუქმებაზე საუბარი არ არის იმიტომ, რომ რუსეთის მხარე, როგორც გუშინ მოვისმინეთ, ამას მეტნაკლებად უკავშირებს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, რაც ამ ეტაპზე გასაგები მიზეზების გამო ვერ მოხდება… ეს ჩვენი მხრიდან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების ტოლფასი იქნებოდა. ეს იციან ჩვენმა რუსმა კოლეგებმა,  მაგრამ თუ ჩვენს დიალოგს რუსეთთან რაღაც სერიოზული შედეგები მოჰყვება და მნიშნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული, რაღაც ეტაპზე დადგება ალბათ საკითხი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ, მაგრამ ჯერ ამაზე ნაადრევია საუბარი”, – განაცხადა აბაშიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი