ახალი ამბებისამართალი

ზვიად რატიანი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

29 დეკემბერი, 2017 • 4146
ზვიად რატიანი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

დღეს, 29 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი 2 000 ლარით დააჯარიმა. პროცესს პოეტის კოლეგები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

გამომცემელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის, გვანცა ჯობავას ინფორმაციით, მოსამართლე ქეთევან მინაშვილმა გადაწყვეტილების მიღებისას ზვიად რატიანს მიმართა, რომ ახალი წლის დღეების გამო დააკისრა მხოლოდ ჯარიმა და არ პატიმრობა.

მოსამართლე ქეთევან მინაშვილმა ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებისათვის.

სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებისა და ვიდეოჩანაწერების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია ზვიად რატიანის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენა.

[red_box]ზვიად რატიანის საქმე – ვრცლად[/red_box]

ზვიად რატიანი 24 დეკემბერს, ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავება, ხოლო პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება.

პოეტს სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის სახის არეში. ზვიად რატიანი აცხადებს, რომ მას არაერთი პოლიციელი მხოლოდ იმის გამო ურტყამდა, რომ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ. დაშავებულის თქმით, თავდაპირველად ოთხი უცნობი პირი მივიდა მასთან სამოქალაქო ფორმით, რასაც შსს უარყოფს და აცხადებს, რომ ვიდეო-მასალა არსებობს, სადაც ზვიად რატიანი პოლიციელებს აგინებს და არ ემორჩილება.

ზვიად რატიანს მხარდაჭერას უცხადებენ მისი კოლეგები, რომლებიც აცხადებენ, რომ როდესაც ცნობილ პოეტს ასე გამეტებით სცემენ სამართალდამცველები, რთული წარმოსადგენი არ არის, რას გაუკეთებენ ისინი უცნობ მოქალაქეს.

შსს-ს განმარტებებსა და სამართალდამცველების გამამართლებელ განცხადებებას მწერლები “ბრიყვულს” უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ საპატრულო პოლიცია საბჭოთა მილიციად გადაიქცა. ისინი იმ პოლიციელების სამაგალითო დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც ზვიად რატიანი სასტიკად სცემა.

მოგვიანებით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობის გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი