კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” წერილობით გააფრთხილა. როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსებულ კომპანია “ასკანელის” მაგარი სპირტიანი სასმელის სარეკლამო რგოლს.

კომისიის განმარტებით, ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომპანია “ასკანელის” მაგარი სპირტიანი სასმელის “ასკანელი XO” სარეკლამო რგოლი გავიდა. საქართველოს კანონმდებლობით კი მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით აკრძალულია.

“სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო ბადეში აღნიშნული სარეკლამო რგოლის განთავსებით, დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ მსგავსი დარღვევისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა,” – ნათქვამია განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან