ახალი ამბებიეკონომიკა

სემეკის გადაწყვეტილებით წყლის ტარიფიც გაძვირდა

28 დეკემბერი, 2017 • 4191
სემეკის გადაწყვეტილებით წყლის ტარიფიც გაძვირდა

ელექტროენერგიის შემდეგ წყლის ტარიფიც გაძვირდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, 28 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკი) მიიღო.

თბილისში, რომელსაც წყლით ამარაგებს კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, გამრიცხველიანებულ აბონენტს წყლის ტარიფი 6 თეთრით გაუძვირდა და ამიერიდან გადასახადი ერთი კუბური მეტრისთვის 0.329 ლარი იქნება. გაუმრიცხველიანებული აბონენტისთვის კი ტარიფი 75 თეთრით ძვირდება და ერთ სულ მოსახლეზე თვეში 3.892 ლარი იქნება გადასახდელი. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, აქ წყლის ტარიფმა დაახლოებით 2 თეთრით დაიკლო და 4.40 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება რუსთავს, კომპანია “რუსთავის წყლის” მომხმარებლებისთვის, გამრიცხველიანებული აბონენტისთვის წყლის ტარიფი უცვლელი რჩება – 0.405 ლარი, თუმცა გაუმრიცხველიანებული აბონენტის სულადობრივი გადასახადი 8 თეთრით ძვირდება და 2.281 ლარს შეადგენს. დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავში 43 თეთრით გაძვირდა  ტარიფი არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვისაც  და 3.644 ლარი შეადგინა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, წყალი მცხეთის მოსახლეობასაც გაუძვირდა. “მცხეთის წყლის” ტარიფების მიხედვით, გამრიცხველიანებულ აბონენტს 0.329 ლარის გადახდა  მოუწევს, რაც წინა ტარიფთან შედარებით 12 თეთრით მეტია. გაუმრცხიველიანებული აბონენტისთვის სულობრივი გადასახადი 1.48 ლარით იზრდება და 3,888 ლარს შეადენს, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის გადასახადი 34 თეთრით გაიზრდება და, ჯამში, 3.548 ლარს შეადგენს.

აღნიშნული ტარიფები ძალაში 2018 წლის 1 იანვარს შევა და 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გასტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი