ახალი წელი საუკუნის წინანდელ ქართულ პრესაში

წელიწადის მეთორმეტე თვის მიწურულს საახალწლოდ განსაკუთრებულად ემზადებოდნენ საუკუნის და მეტი ხნის წინანდელ საქართველოშიც. რაც უნდა შორეულად გვეჩვენებოდეს ძველი თბილისის, ქარვასლების, იტალიური ოპერისა და ბაროკოს სტილში გადაწყვეტილი სადარბაზოების დრო, ფაქტია, რომ წინასადღესასწაულოდ ორ ერთმანეთისგან დაშორებულ პერიოდს საერთო ბევრი აქვს; სუფრის შემადგენლობიდან დაწყებული, საახალწლო სურვილებამდე, რომლებიც წლიდან წლამდე დიდად არ იცვლებოდა და მრავალმა მათგანმა დღემდე შეინარჩუნა აქტუალობა.

განხორციელებული თუ სიტყვებად დარჩენილი სურვილების, წლის შეჯამების მცდელობებისა თუ საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებათა სია დღეს მაშინდელი პრესის ფურცლებზეღა იძებნება. როცა ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალება ჟურნალ-გაზეთები იყო, ქართული მედია მკითხველის სადღესასწაულო განწყობაზე შეძლებისდაგვარად ზრუნავდა ჯერ პუბლიკაციებით, პოეზიისა და პროზის ნიმუშებით, შემდეგ კი ფოტოებისა და ილუსტრაციების მეშვეობითაც. “ნეტგაზეთმა” ქართული პრესის არქივში სწორედ საახალწლო თემატიკაზე მომზადებული მასალები მოიძია. მათში არაერთ დეტალს ამოიცნობთ, რომლებიც მიუხედავად საუკუნოვანი ინტერვალისა, მაინც რჩება წინასაახალწლო საქართველოს დღის წესრიგში.

* მასალები ამოღებული ციფრული ბიბლიოთეკიდან “ივერილი”(საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა)

გასულ წელს ყოველგვარ უარყოფითს საუკუნეზე მეტი ხნის წინაც ატანდნენ. გაზეთ “ცნობის ფურცლის” სურათებიანი დამატების 1905 წლის 1 იანვრის ნომრის გარეკანზე ჩოხიანი ბიჭია გამოსახული, რომელიც უფსკრულისკენ უბიძგებს 1904 წლის “ცუდსა და ავს” – სიკვდილს, ავადმყოფობასა და სიღარიბეს.

“ცნობის ფურცელი”, სურათებიანი დამატება. 01.01.1905 წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ესეც “ცნობის ფურცლის” სურათებიანი დამატებაა – ქართული მედიის ერთ-ერთი პოპულარული წინაპარი, რომელმაც იმ პერიოდის გაზეთებთან შედარებით, დიდხანს იარსება. როგორც ჩანს, დიდი რისკის მიუხედავად, ადგილობრივ თვითმმართველობას კრიტიკას არც მაშინ აკლებდნენ. ქალაქის მთავრობის მთელი წლის უმოქმედობა გაზეთის 1905 წლის პირველ ნომერში ასეთი კარიკატურით შეაფასეს:

“ცნობის ფურცელი”, სურათებიანი დამატება. 01.01.1905 წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

სარკაზმით დაიწყო ამავე გაზეთმა 1906 წელიც, ოღონდ გაცილებით მნიშვნელოვან და მტკივნეულ პრობლემასთან დაკავშირებით. 1 იანვრის ნომერში მკითხველმა ახალი წლის მილოცვასთან ერთად ხურჯინმოკიდებული თოვლის ბაბუა იხილა, რომელიც თავისუფლების მოთხოვნით გამოსულ ხალხთან ბუშტებით ხელში მივიდა, წარწერით: “თავისუფლება”. კარიკატურას თან ახლავს სათაური: “აბა, ჯერ ეს ბუშტები დაიჭირეთ მაგრად!”

“ცნობის ფურცელი”, სურათებიანი დამატება. 01.01.1906 წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

რაც უნდა გასაკვირი იყოს, საუკუნის წინ ქართულ მედიასაშუალებებს შორის კონკურენცია გაცილებით მწვავე იყო, ვიდრე ახლა. ჟურნალ-გაზეთები კრიტიკისას კონკრეტული გამოცემებისა თუ ავტორების დასახელებას არ ერიდებოდნენ და ერთმანეთს ვრცელი პუბლიკაციების გარდა მცირე ზომის ლექსებითაც ეპაექრებოდნენ ხოლმე. აღნიშნული ჟანრი განსაკუთრებულ აქტუალობას საახალწლო ნომრებში იძენდა. ასე, მაგალითად: გაზეთ “კვალის” 1904 წლის 1 იანვირს ნომერში ახალი წლის გარდა ლექსები “ივერიას”, “ცნობის ფურცელსა” და “მოგზაურს” მიუძღვნეს. არ გამორჩენიათ სახალხო თეატრიც.

გაზეთი “კვალი”. 01.01.1904 წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ასე მიულოცა 1916 წლის დადგომა მკითხველს “სახალხო ფურცელმა”. შიდაპოლიტიკურ დაძაბულობას გვერდი ვერც ამ რედაქციამ აუარა: მისალოც ილუსტრაციას თან მაშინდელი პოლიტიკური ფიგურების გაშარჟებული სახეები ახლავს.

“სახალხო ფურცელი” 01.01.1916 წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

თუ დღეს სადღესასწაულო ღონისძიებების დიდი ნაწილი სოციალური ქსელით იგეგმება, მაშინ საახალწლო ანონსებს მკითხველს პრესა აცნობდა. სწორედ ასე, ოღონდ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ვიგებთ, რომ ახალ -1901 წელს და ასევე ახალ – XX საუკუნეს თბილისში წვეულებით შეხვედრიან. “კრუჟოკის” დარბაზში, რომელიც მსგავს ღონისძიებებს ხშირად მასპინძლობდა, სათავადაზნაურო სკოლის დასახმარებლად შეიკრიბნენ.

“ცნობის ფურცელი” 06.01.1901 წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ორი დეკადის შემდეგ, როცა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში კინოინდუსტრიამ შემოაღწია, გაზეთების გარეკნებზე წვეულებებისა და სპექტაკლების ანონსებთან ერთად კინოაფიშებიც გაჩნდა. 1920 წელთან შესახვედრად საქართველოს კინოთეატრები მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობდნენ.

“საქართველო” 01.01.1920 წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ასეთ პროგრამას სთავაზობდა სახელმწიფო ოპერის თეატრი მაყურებელს საბედისწერო 1921 წელს. საახალწლო ანონსი გაზეთ “საქართველოს” გარეკანზეა მოცემული.

“საქართველო” 31.12.1920 წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

დაბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო რჩევა საახალწლოდ: საჩუქარი ხელმისაწვდომ ფასად:

“ცნობის ფურცელი” 21.12.1904 წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან