25 წელი საქართველოსთან ერთად

7 ათასი თანამშრომელი და 2 მილიონზე მეტი კლიენტი – ეს თიბისი ბანკის 25 წლიანი ნაყოფიერი საქმიანობის შედეგია. ყველაფერი 1992 წლის 17 დეკემბერს სააქციო საზოგადოება “თიბისი” ბანკის დაფუძნებით დაიწყო, რომლის საწესდებო კაპიტალი 500 დოლარი იყო.

27 დეკემბერს თიბისი გალერეაში შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. ბანკის დამფუძნებლებმა საზოგადოებას ანგარიში ჩააბარეს და იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც ამ წლების განმავლობაში გამოიარა ბანკმა.

“ბანკის საწყისი კაპიტალი 500 აშშ დოლარი იყო, დღეს ჩვენი მთლიანი აქტივები ლარში 12 მილიარდია. საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის ფასი ყოველდღიურად იმით განისაზღვრება, თუ რა წარმატებით ვაკეთებთ ბიზნესს, რა ხდება ქართულ ეკონომიკაში, რა ხდება ქართულ პოლიტიკაში, რა საფრთხეები და რისკები არსებობს ქვეყნის მიმართ. თიბისი ბანკს ქვეყნის მაჯისცემაზე უდევს ხელი და მისი წარმატება პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის წარმატებასთან, “ – განაცხადა თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ.

თიბისი ბანკის კიდევ ერთი დამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, განვლილი 25 წლის განმავლობაში საქართველოს და თიბისის ბედი ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული:

“თუ ქვეყანა ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში იყო, ჩვენც ძალიან გვიჭირდა, თუ ქვეყანა ოდნავ ამოისუნთქებდა – ჩვენ ვვითარდებოდით. შესაბამისად, ეს ბანკი აღარ ეკუთვნის მის დამფუძნებლებს, ეკუთვნის მთელ ქვეყანას,” – აღნიშნა ჯაფარიძემ.

თიბისი ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ბუცხრიკიძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება კომპანიაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე გაამახვილა.

“ჩვენი კლიენტები მომსახურების 90%-ს ფილიალში მისვლის გარეშე, დისტანციურად იღებენ, რაც 10 წლის წინ შეუძლებელი იყო. ახალი ტექნოლოგიებით ჩვენ უფრო ახლოს მოვდივართ თითოეულ თქვენგანთან, ვიდრე ახალი ფილიალების გახსნით. ჩვენ 2500-ზე მეტი ტერმინალი გვაქვს ქვეყანაში. ყოველთვიურად 30-40 მილიონის ტრანზაქცია სრულდება მხოლოდ ამ ტერმინალებით,” – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

პრეზენტაციაზე ბანკის დამფუძნებლებმა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტებიც შეაჯამეს. მამუკა ხაზარაძემ ხაზი გაუსვლა თიბისი ბანკის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობას და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს – ლიტერატურულ პრემიას “საბა”, ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა, არტარეა, გალერეები და სხვა სოციალურ პროექტებს.

ბანკის დამფუძნებლების შემდეგ ღონისძიებაზე სიტყვით თბილისის მერი, კახა კალაძე გამოვიდა. კალაძემ კომპანიას 25 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მას თიბისი ბანკთან ერთად მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს:

“როცა ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, თიბისი ბანკთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ჩვენი ქვეყნისთვის და ენერგო დამოუკიდებლობისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისათვის.”

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო სპეციალურად იუბილესთვის გამოცემული წიგნი “თიბისი 25”, რომელშიც ბანკის ისტორია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის პარალელურად არის მოთხრობილი. წიგნში შესულია საარქივო ფოტომასალა და ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც დაარსების დღიდან თიბისი ბანკის ისტორიაში მომხდარა.

ახალი სათავო ოფისი და თიბისი ბიზნეს ცენტრის პროექტი

შემაჯამებელ პრეზენტაციაზე ბანკის მენეჯმენტმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თბილისის ბიზნეს ცენტრის პროექტი წარადგინა. სწორედ ასე ერქმევა კომპლექსს, რომელიც ლისის ტბასთან აშენდება. კომპლექსი გააერთიანებს თანამედროვე არქიტექტურის ელემენტებს – ის იქნება ენერგოეფექტური, ეკოლოგიური და ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი. ეს იქნება საუკეთესო გარემო თანამშრომლებისა და ბიზნესისთვის.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თბილისის ბიზნეს ცენტრი იქნება ეკოლოგიურ გარემოში შექმნილი ინფრასტრუქტურული კომპლექსი, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ისე ინვესტორებისთვის:

“ორი წლის წინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავფართოვებულიყავით. მოვიწვიეთ ხუთი წამყვანი არქიტექტურული სტუდია და ჩავატარეთ კონკურსი. გამარჯვებული პროექტი არის შატილის კოშკების პრინციპზე დაფუძნებული. თითოეული კოშკის ბანი არის მეორე შენობის გამოსასვლელი. აქ იქნება ყველა საჭირო სივრცე, რათა ჩვენთან ერთად სხვა ბიზნესებმა გამოიყენონ.”

თბილისის ბიზნეს ცენტრი მთლიანად ენერგოეფექტურია და 2000 ადამიანზე არის გათვლილი. პროექტი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების აშენებას მწვანე ლანდშაფტში, სადაც ტერასულად გაშენდება ხე-მცენარეები. ეს იქნება ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სადაც ადამიანები შეძლებენ იმუშაონ და ამავდროულად დაისვენონ. კომპლექტში სპეციალური სივრცეები შეიქმნება ბავშვებისთვის, გაიხსნება რესტორნები და ა.შ.

პროექტის ავტორი ჰოლანდიელი არქიტექტორი ფრანს ვან ვუუერეა, რომელიც UN Studio-ს წარმოადგენს. პროექტის “განხორციელებაში უკვე ჩართულია მსოფლიოში ცნობილი ესპანური დეველოპერული კომპანია “TYPSA”. მათ მიერ მადრიდში აშენებულია სანტანდერ ჯგუფის ახალი სათავო ოფისის კომპლექსი.

“ბევრი ასეთი ლამაზი და მნიშვნელოვანი პროექტი სჭირდება დედაქალაქს. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა ქალაქში ურბანული განვითარების თვალსაზრისით და მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ავაშენოთ და განვავითაროთ,მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად, ხარისხიანად. მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ წინსვლას და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ბიზნესს ყოველთვის გქონდეთ ჩვენი მერიის მხარდაჭერის იმედი ჩვენი ქალაქის და ქვეყნის საკეთილდღეოდ,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მნიშვნელოვანი რიცხვები თიბისი ბანკის 25 წლის თავზე:

● 7000 თანამშრომელი;
● 2 მილიონზე მეტი კლიენტი;
● 38,6 % – დეპოზიტების ბაზრის წილი;
● 12 მილიარდი მთლიანი აქტივები ლარში;
● 3,6 მილიარდი მოზიდული რესურსი ლარში;
● 4,1 მილიარდი ბიზნესდაკრედიტება ლარში;
● 7,7 მილიარდი მთლიანი საკრედიტო პორტფელი ლარში;
● ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE250-ის ინდექსის წევრი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი