ახალი ამბები

ტერორიზმის საქმეზე დაკავებული ზურაბ გორნიკაშვილის ადვოკატი გირაოს შეფარდებას მოითხოვს

28 დეკემბერი, 2017 • 1385
ტერორიზმის საქმეზე დაკავებული ზურაბ გორნიკაშვილის ადვოკატი გირაოს შეფარდებას მოითხოვს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ზურაბ გორნიკაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ამის შესახებ ირაკლი ბენიამ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა. ადვოკატის თქმით, საქმის მასალებზე ვერ ისაუბრებს:

“სავარაუდოდ, პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. დაცვის მხარის მოთხოვნაა, რომ გირაო შეეფარდოს. კონკრეტულ მტკიცებულებებზე ვერ ვისაუბრებ, სხვადასხვა სახის მტკიცებულებები არსებობს საქმის მასალებში. დაცვის მხარე თვლის, რომ ის ბრალი რაც მას აქვს წაყენებული, ამ ეტაპზე არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მონაწილეობდა ამ დანაშაულში” – ამბობს ირაკლი ბენია.

ადვოკატის თქმით, გორნიკაშვილი რამდენჯემე არის დაკითხული და დაკავების შემდეგაც დაიკითხა:

“ჩემი დაცვის ქვეშმყოფი დაკავებამდე რამდენჯერმე არის დაკითხული. ის დაკავების შემდეგაც დაიკითხა, თუმცა კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით” – ამბობს ადვოკატი.

26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარდა სპეცოპერაცია, სადაც 5 ადამიანი: ზურაბ გორნიკაშვილი,  რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი დააკავეს. მაჩალიკაშვილი შუბლის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სუს–ის ცნობით, მათ წინააღმდეგ გამოძიება სსკ–ს 331 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას გულისხმობს. სუს–ის ინფორმაციით, დაკავებული პირები გაბრიელ ბერის გამზირზე დაკავებულ პირებს დაეხმარნენ, რომ საქართველოს საზღვარი კანონდარღვევით გადმოელახათ, ასევე, დაეხმარნენ ბინისა და იარაღის მოძიებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი