ახალი ამბები

მწერლებმა და გამომცემლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს

28 დეკემბერი, 2017 • 1953
მწერლებმა და გამომცემლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს

მწერლებმა და გამომცემლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართეს. სადავო მასალა პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას ეხება. კერძოდ, მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეოკადრები, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანია ასახული. მწერლებისა და გამომცემლების განცხადება ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო.

ქარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მოქალაქეთა ჯგუფის  განცხადების თანახმად, მაუწყებელმა დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეათე( პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპი.

“ზვიად რატიანმა დაკავებიდან იზოლატორში მოთავსებამდე პოლიციელებთან რამდენიმე საათი დაჰყო, როცა მისი თქმით, ისინი მას აყენებდნენ შეურაცხყოფას და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. (ის, რომ ზვიად რატიანი ნაცემია, დამტკიცებულია რამდენიმე სამედიცინო ექსპერტიზით). ამ რამდენიმე საათიდან დამონტაჟებულია 3.45-წუთიანი მასალა, რომელიც არ შეიძლება იყოს რამდენიმესაათიანი პროცესის ზუსტად ამსახველი. ამ მასალის ჩვენებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააკმაყოფილა არა საზოგადოების ინტერესი, მიეღო ზუსტი ინფორმაცია, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესი – ზვიად რატიანი წარმოჩენილიყო უაღრესად დამამცირებელ ვითარებაში” – წერია განცხადებაში.

მეათე პრინციპთან დაკავშირებით კი განმცხადებელები აღნიშნავენ, რომ ზვიად რატიანის მიმართ “არ არსებობს ისეთი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ვიდეოკადრების გავრცელებას გაამართლებს.”

ქარტიის განცხადებით, საქმის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო საქმეს 28 დეკემბერს, 18:30 საათზე განიხილავს.

საზოგადოებრივი მაწუყებლის წინააღმდეგ ქარტიაში შეტანილ განცხადებას ხელს აწერენ:

ნინო ბექიშვილი, ნინო სადღობელაშვილი, თამთა მელაშვილი, ზაზა კოშკაძე, ხათუნა თავდგირიძე, დალილა გოგია, ზვიად კვარაცხელია, გვანცა ჯობავა, შოთა იათაშვილი, ნატო ინგოროყვა, გიორგი შონია, ნესტან ნენე კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე, ლექსო დორეული, მაიკო კუდავა, გიორგი მაისურაზე, მაშო სამადაშვილი, რატი ამაღლობელი, ზაალ ანდრონიკაშვილი, ნინია მაჭარაშვილი, თინა მამულაშვილი, ხათუნა ცხადაძე, თეონა დოლენჯაშვილი, ლაშა ბაქრაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი