ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილს საბჭომ შეწყალებაზე უარი უთხრა

28 დეკემბერი, 2017 • 2200
ვანო მერაბიშვილს საბჭომ შეწყალებაზე უარი უთხრა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ (ე.წ. უდოს კომისიამ), რომელიც მსჯავრდებულის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების  საკითხს წყვეტს, უარი უთხრა.

მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ იგი საბჭოს ვადაზე ადრე უნდა გაეთავისუფლებინა. მისივე თქმთ, ახლა ელოდებიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი:

“ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი, მინისტრთა კომიტეტი, რომელიც გარკვული პერიოდის შემდეგ შეიკრიბება. სამწუხაროდ, შეიძლება ჩვენმა ქვეყანამ ამის გამო მიიღოს სანქციებიც. მაგრამ ვნახოთ, როგორც ჩანს, ხელისუფლება დღემდე ვერ მოეგო გონს, ისინი არ დგამენ იმ ნაბიჯს, რაც გადასადგმელია და მათ ჰყავთ დღეს საქართველოში პოლიტიკური პატიმარი მერაბიშვილის სახით,”- განაცხადა “კურიერთან” გიორგი ჩივიაშვილმა.

28 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი 5 § 1 მუხლთან მიმართებით, რომელიც ეხებოდა მერაბიშვილის ღამით საკნიდან გაყვანის ეპიზოდს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ “კურიერთან” განაცხადა, რომ მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება გამორიცხული იყო:

“აქ არ არის საუბარი რომელიმე ერთ ან მსუბუქ დანაშაულზე, აქ არის 5 სხვადასხვა დანაშაული და ამ დანაშაულებზეც მას საკმაოდ მძიმე სასჯელები აქვს და მძიმე კატეგორიის დანაშაულებს განეკუთვნება, ამიტომ ესეც, რა თქმა უნდა, უნდა იქნას მიღებული მხედველობაში, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, მაინც პირველ არგუმენტზე რაც ჰქონდა მთავარი კომისიას, ეს იყო ის, რომ ფაქტობრივად გამორიცხული იყო მისი გათავისუფლება იმიტომ, რომ მის მიმართ კიდევ სხვა განაჩენი არის დამდგარი, რომელზედაც თეორიულადაც კი გამორიცხული არის, რომ შეეხოს შეწყალების კომისიის გადაწყვეტლება,”- განაცხადა სოფო კილაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი