ახალი ამბები

კირვალიძე უარყოფს ნაცვლიშვილთან კონფლიქტს და ადასტურებს ჰამერბერგთან შეხვედრას

5 აგვისტო, 2013 • 1131
კირვალიძე უარყოფს ნაცვლიშვილთან კონფლიქტს და ადასტურებს ჰამერბერგთან შეხვედრას

“მე თომას ჰამერბერგთან მქონდა სამუშაო შეხვედრა არა მარტო “ტრაქტორების საქმეზე”. ეს იყო მერე, როდესაც ამ საქმის გამოძიება დაიწყო, ანუ ჩემი მინისტრობის შემდეგ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” კირვალიძემ.

 

ე.წ. ტრაქტორების საქმეზე ჰამერბერგმა 13 ივლისს წერილით მიმართა მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს, რომელშიც აღნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან ამ საქმეზე დაკავებული ყველა პირი. წერილში ჰამერბერგი მიუთითებს, რომ ამ საქმეზე არსებობს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ექსპერტების, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადება, რომლებსაც სრულად იზიარებს. წერილში ჰამერბერგი ასევე აღნიშნავს, რომ ამ საქმეზე არსებობს კითხვები საზღვარგარეთ.

 

“ის, რომ ამ საკითხზე ძალიან დიდი ინტერესია, ეს არის ფაქტი. ამიტომაც მივესალმები პროკურატურის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, რაც მათ დღეს განახორციელეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. ჩემი მოსაზრებით, ეს არის ნაბიჯი იქითკენ, რომ სამართლიანად დასრულდეს პროცესი და მე ამ ადამიანების უდანაშულობაში დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა დავით კირვალიძემ. 

 

ჰამერბერგის წერილის ასლი ჟურნალისტებს, მათ შორის “ნეტგაზეთს”, “ექპსერტთა კლუბის” პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა მიაწოდა, რომლის განცხადებით, “ტრაქტორების ქეისი” ლაშა ნაცვლიშვილის პირადი საქმეა, რაც გამომდინარეობს წლების წინ მასსა და დავით კირვალიძეს შორის არსებული პირადი კონფლიქტიდან.

 

“ეს არის სისულელე. აბა, დაფიქრდით, შეიძლება ასეთ რამეზე კითხვა დამისვათ?! არანაირი კონფლიქტი არ არსებობდა ჩემსა და ნაცვლიშვილს შორის, მაგრამ, ჩემი აზრით, არის უბრალოდ ის, რომ ვიღაც -ვიღაცებმა ადამიანები შეიყვანეს შეცდომაში. რატომ? – იმიტომ, რომ მათ დაკარგეს თავიანთი მონოპოლიური ინტერესები ამ სფეროში”, – აცხადებს დავით კირვალიძე. 

 

მისივე თქმით, მას აქვს ეჭვი, რომ ეს საქმე მიზანმიმართულად დაიგეგმა, თუმცა ამ ეტაპზე ამის დამადასტურებელი მასალები არ გააჩნია და ამიტომ კონკრეტულ უწყებებსა და პირებზე ვერ ისაუბრებს:

 

“ეჭვების საფუძველზე მე განცხადებას ვერ გავაკეთებ, რომ ამან გააკეთა თუ იმან. ჩემი მოსაზრება მაქვს, მაგრამ ეს უნდა დასაბუთდეს. რაღაც თქვა და მერე აღმოჩნდეს, რომ ბოდიშების მოხდა მოგიწიოს, ჯობია სულ არ თქვა. როგორ გითხრათ, ეჭვი არის, რადგან ეს იყო ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც მიდიოდა წარმატებულად და წარმატებულადვე დასრულდა და ამ დროს მოხდა ასეთი რამ. შეურაცხადი უნდა იყო, რომ ეჭვები არ გაგიჩნდეს, მაგრამ ახლა ამას ვერ ვიტყვი. მარტო მე კი არა მაქვს ეჭვი, ეს ეჭვი არის გარეთაც, საზოგადოებაში. მიმართულებაზეც, თუ საიდან მოდიოდა, რომელი უწყებიდან, ჯერ ამაზეც ვერ ვილაპარაკებ, არაკორექტული იქნება.”

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში კი ამ წუთებშიც მიმდინარეობს წინასასამართლო სხდომა ე.წ. ტრაქტორების საქმეზე, რომელსაც ცხრავე ბრალდებული ესწრება, რომელთაგან მხოლოდ ორი (ვაჟა ნახუცრიშვილი და გივი ქაიხოსროშვილი) იმყოფება ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში. პროკურორმა პროცესზე მოითხოვა მათთვისაც აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლა, თუმცა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ განაცხადა, რომ თავდაპირველად მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე ემსჯელათ, რაც ამ დრომდე გრძელდება.

 

“ტრაქტორების საქმეზე პროკურატურას აქვს თუ არა მყარი მტკიცებულებები, ამას სასამართლო დაადგენს. დღეს მიმდინარეაობს პროცესი, სადაც პროკურატურა ითხოვს პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ფორმით შეცვლას. მე, ერთადერთი ვიცი ის, რომ პროკურატურამ ბევრი იმუშავა ამ თემაზე, ისიც ვიცი, რომ ისეთმა სახელოვანმა და პროფესიონალმა ადვოკატმა, როგორიც სოსო ბარათაშვილია, ასევე, ბევრი იმუშავა ამ საქმეზე. ახლა ბოლო სიტყვა მოსამართლეზეა – დაადგინოს ადვოკატია მართალი, თუ პროკურორი”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

 

ჰამერბერგი ლაშა ნაცვლიშვილისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს: “მე ინფორმაცია მივაწოდე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ჩემი შეშფოთების თაობაზე, ასევე, გავაცანი ჩემი მოსაზრება, რომ ეს პირები, რომლებიც არიან წინასწარ პატიმრობაში, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ”.

 

ე.წ. ტრაქტორების საქმეზე დაწყებული გამოძიების გამო თანამდებობიდან გადადგა სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალძე, რომელიც ამ დროისთვის არ აკეთებს წინასწარ პროგნოზს, დაბრუნდება თუ არა ისევ ძველ პოზიციაზე: “ნუ გავასწრებთ მოვლენებს, მაგაზე ვისაუბრებთ მაშინ, როდესაც ეს საქმე დასრულდება”, – განაცხადა კირვალიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი