მშობლის თქმით, აუტიზმის მქონე ბავშვი ბაღში საახალწლო ზეიმზე არ შეუშვეს

მშობლის თქმით, დღეს ზუგდიდის მე-15 საჯარო ბაღში აუტიზმის მქონე ბავშვი ბაღის მიერ ორგანიზებულ ახალი წლის ზეიმზე არ შეუშვეს.

ამის შესახებ მშობელმა ფეისბუკში დაწერა. მისი თქმით, 4 წლის გოგონას ზეიმზე დასწრების უფლება ბაღის გამგემ არ მისცა და კარი ჩაუკეტა, ხოლო ზოგიერთი აღმზრდელ-პედაგოგი  “უემოციოდ ადევნებდა ამ ყველაფერს თვალს”.

“დღეს ვარ აღშფოთებული და სრულიად კოლაფსირებული როგორც დედა… დღეს ჩემი 4 წლის გოგონა გახდა უვიცი, უზნეო და ბეცი “ვაი-პროფესიონალების” დისკრიმინაციის მსხვერპლი…. მას შეუზღუდეს გართობის, სიცოცხლით ტკბობის, სიამოვნების უფლება, თანატოლებთან ერთად ახალი წლის ზეიმზე მონაწილეობის/დასწრების უფლება, მას ჩაურაზეს ის კარები, რომლის მიღმაც მისი ბავშვობაა, მისი მომავალია, მისი კეთილდღეობაა, ახალი წლის ზეიმმა საბავშვო ბაღში ნანუკას გარეშე ჩაიარა….. ის ჭუჭრუტანიდან ადევნებდა ზეიმს თვალს, იმ საშინელი რკინის კარის ჭუჭრუტანიდან…. (დავიბენი, ფოტო უნდა გადამეღო, როგორ ვერ ვაცილებდი კარებს და როგორ იდგა გამოპრანჭული გოგო, თავზე “ფერიას გვირგვინით”) და ზოგიერთი ვაი-პედაგოგი უემოციოდ ადევნებდა ამ ყველაფერს თვალს და სირცხვილის გრძნობაც არ ჰქონდა…. გამგემ ჩაკეტაო…. და ბოლოს მოვალეობის მოხდის მიზნით გაუგებარი სქესის თოვლის პაპამ ნაჩქარევად “მოგვიგდო” საჩუქარი…. მე მყავს 4 წლის აუტისტური სპექტრის მქონე გოგონა, რომლისთვისაც ბავშვობის წართმევის უფლებას არავის არ მივცემ”, – წერს მშობელი ფეისბუკში.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ზუგდიდის  სკოლამდელი სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელმს, ელისო ყალიჩავას, რომელმაც განაცხადა, რომ მას მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ აქვს და ამ ეტაპზე საკითხს სწავლობს.

ამ საკითხს ვიკვლევთ და პროცესში ვართ, რომ გავარკვიოთ ყველაფერი და ამ წუთას ვერანაირი კითხვას ვერ გავცემ. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ჩვენ სპეციალური ჯგუფი გვაქვს, თუმცა, კონკრეტულად ამ მოვლენის შესახებ ახლა გახდა ჩემთვის ცნობილი. აქედან გამომდინარე, ზუსტად ინფორმაცია არ მაქვს. ეს იყო ჩვეულებრივი შიდა საახალწლო ღონისძიება. აღმზრდელს რაც შეეხება, გავარკვევ ყველაფერს,” – განაცხადა მე-15 ბაღის დირექტორმა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან