ახალი ამბები

კომიტეტმა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

27 დეკემბერი, 2017 • 2930
კომიტეტმა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

დღეს, 27 დეკემბერს, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტმა კანონპროექტს ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის შესახებ 5 ხმით მხარი დაუჭირა.  კომიტეტის 7-მა წევრმა პროტესტის ნიშნად განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო.

როგორც სხდომის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, დღეს კენჭი ეყარა არა კანონპროექტის საბოლოო სახეს, არამედ იმ ზოგად პრინციპებს , რომლებსაც კომიტეტის უმრავლესობა მხარს უჭერს.

იმის გამო, რომ გაუგებრობა არ იყოს, რომ ინიცირებული ვარიანტი არ არის ის ვარიანტი, რომელიც კომიტეტმა მოიწონა, ამიტომ დღეს გავაჟღერეთ ჩვენ პრინციპები, რომელზეც ჩვენ გვინდა, რომ იმსჯელოს იურიდიულმა კომიტეტმა. ჩვენ გვინდა, რომ დასკვნაში დავაფიქსიროთ, რომ ეს პრინციპები იქნება წამყვანი და ამ წამყვანი პრინციპების გათვალისწინებით, უნდა მოხდეს პირველი მოსმენით ამ კანოპროექტების განხილვა. როცა იურიდიული კომიტეტი დასკვნას გააკეთებს, იქ ჩაიწერება, რომ ეს მუხლები ამოდის იქიდან და იწერება სხვა მუხლები. და ინიციატორები და ავტორები ამას ხელს აწერენ. სანამ ეს მოხდება, ჩვენ გვაქვს ერთი თვე სამსჯელოდ. მე ვაყენებ კენჭისყრაზე საკითხს, პრინციპებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, ვინ უჭერს მხარს, ეს სამუშაო გაგრძელდეს” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კანონპროექტის განხილვა კომიტეტმა 2 საათით დააგვიანა, რადგან ვერ ხერხდებოდა კვორუმის შეკრება. სხდომას ესწრებოდნენ როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, სასულიერო პირები. განხილვა კამათის რეჟიმში მიმდინარეობდა.

 კომიტეტის სხდომის დაწყებამდე პარლამენტის შენობასთანს პეციალური ბრიფინგი გამართა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ და კანონპროექტის განხილვის დაწყებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ რეფორმის განხორციელებაზე გადაწყვეტილება მალე უნდა მიიღოს.

“ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა სრულად უჭერს მხარს ინიცირებული კანონპროექტის შინაარსს და დაგეგმილი რეფორმის მიმართულებებს. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ საჭიროა, ხელისუფლებამ დროულად მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება რეფორმის სრული მასშტაბით განხორციელებაზე, რათა დასრულდეს ადამიანების უსამართლო დევნა და მათ მიმართ არაპროპორციული სასჯელების გამოყენება”- ნათქვამია ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის განცხადებაში.

პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმას შეუერთდნენ ადამიანის უფლებების სწავლებისა  და მონიტორინგის ცენტრი (EMC), თეთრი ხმაურის მოძრაობა და ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი. მათი თქმით, კანონპროექტის მთავარი მიზანი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ზრუნვაზე და პრევენციაზე ორიენტირებული მიდგომებით ჩანაცვლებაა , თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სისტემური ცვლილება მოკლე ვადებში დაიწყოს და რეფორმაზე მუშაობა საგაზაფხულო სესიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყოს.

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა უკვე ერთ წელზე მეტია, რაც მუშაობს ამ კანონპროექტზე, ზაფხულიდან ეს კანონპროექტი შესული არის პარლამენტში, მასზე ერთობლივად, ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად, მიდიოდა შრომატევადი სამუშაო. მთელ ამ პროცესში კანონპროექტმა რამდენიმე გადამუშავება განიცადა იმისთვის, რომ ის მაქსიმალურად ყოფილიყო კონსენსუსუნარიანი. რამდენიმე სერიოზულ დათმობაზეც წავედით მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერა გვქონოდა, კანონპროექტზე საზოგადოებას აქვს ინფორმაცია. ჩვენ ვცადეთ მისი პრეზენტაცია და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება. დღეს სწორედ ის დრო არის, როდესაც ხელისუფლებამ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუ რას აპირებენ ისინი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, აპირებენ ისინი სისტემურ რეფორმის განხორციელებას, თუ დარჩებიან ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გამტარებლებად ” – განაცხადა EMC-ის იურისტმა გურამ იმნაძემ.

დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტი განიხილა. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების/მცირე ოდენობით ფლობისთვის სისხლისსამართლებრივი დასჯის გაუქმებას, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების სამართლიანი წესით განსაზღვრას და ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. აგრეთვე, რეფორმა ითვალისწინებს არსებული სამკურნალო-სარეაბილიტაციო და ზიანის შემცირების პროგრამების გაძლიერებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი