ახალი ამბები

საპროტესტო აქცია გინებისთვის პრემიერის დასჯის მოთხოვნით

27 დეკემბერი, 2017 • 4848
საპროტესტო აქცია გინებისთვის პრემიერის დასჯის მოთხოვნით

დღეს, 27 დეკემბერს, სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები საპატრულო პოლიციისგან მოითხოვენ კანონის აღსრულებასა და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ პარლამენტში ლანძღვა-გინებაზე სამართალწარმოების დაწყებას.

აქციის მონაწილეებს შს სამინისტროსთან მიტანილი ჰქონდათ პრემიერის მიერ საჯარო სივრცეში გამოყენებული სალანძღავი ციტატები. სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა და სამართალდამცველებს გადასცა პრემიერის მხრიდან გინების ამსახველი კადრები, რომელიც დისკზე იყო ჩაწერილი.

ზვიად კუპრავას განცხადებით, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა უცენზურო სიტყვებითა და შეურაცხმყოფელი გადაკიდებით დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლი, სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრმა ოფიციალურად შეიტანა განცხადება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის სახელზე და მოითხოვა აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყება, თუმცა დღემდე სამართალწარმოება არ დაწყებულა.

კუპრავა აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა შედგეს ადმინისტრაციული დარღვევის ოქმი,  შემდეგ კი სასამართლოს გადაეცეს:

“სამომავლოდ, სასამართლომ უნდა განიხილოს ეს ოქმი და იმსჯელოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სამართალდარღვევას ამ შემთხვევაში პრემიერ კვირიკაშვილის მხრიდან. ვინაიდან არ მომხდარა მსგავსი სამართალწარმოება საპატრულო პოლიციის მხრიდან, ამიტომ მოვაწყეთ დღეს აქცია საპატრულო პოლიციასთან და გამოვფინეთ მხოლოდ ის სიტყვები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა იხმარა საქართველოს პარლამენტში, საჯარო სივრცეში,” – ამბობს ზვიად კუპრავა.

როგორც სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, თუ საპატრულო პოლიცია დღესაც არ მოახდენს სათანადო რეაგირებას, მომავალშიც შეახსენებენ მათ, რომ აუცილებლად უნდა აღასრულონ კანონი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი, მიუხედავად მისი თანამდებობისა, პოლიტიკური შეხედულებებისა, სქესისა, სარწმუნოებისა და ა.შ. თანასწორია კანონის წინაშე.

ზვიად კუპრავას განცხადებით, პრემიერ-მინისტრობა არ არის ინდულგენცია და მე-14 მუხლის საფუძველზე, მთავრობის მეთაურიც ისეთივე ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე:

“რადგან ამ ადამიანმა დაარღვია კანონი, მან ისევე უნდა აგოს პასუხი, როგორც მე, თქვენ ან ნებისმიერმა სხვამ. თუ დავარღვევთ კანონს, პასუხი უნდა ვაგოთ – ძალიან მარტივია.”

აქცია საპატრულო პოლიციასთან. 27.12.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, კოტე რევაზიშვილმა ზვიად კუპრავასთან საუბარში რამდენჯერმე ახსენა, რომ პრემიერის ქმედება საქართველოს პარლამენტში იყო გამოხატვის თავისუფლება.

“თუ პოლიცია ფიქრობს, რომ პრემიერის გინება იყო გამოხატვის თავისუფლება, ცხადია, რის გამოც არ დგება სამართალდარღვევის ოქმი. მათ მიაჩნიათ, რომ პრემიერი იქცეოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, რაც ასე არ იყო. რეალურად, მან აზრი კი არ გამოხატა, დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლი, რომლის ფაბულაც არის უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინება და შეურაცხმყოფელი გადაკიდება. ამ მუხლის ფაბულაში ზუსტად ჯდება გიორგი კვირიკაშვილის ქმედება. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ჩვენ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას,” – ამბობს ზვიად კუპრავა.

მისი თქმით, არ აქვს ილუზია, რომ საპატრულო პოლიცია სანართალწარმოებას დაიწყებს, ვინაიდან პოლიცია ამას გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევს:

“ამ ფაქტით აღშფოთებულია მთელი საქართველო და რატომღაც მხოლოდ საპატრულო პოლიცია ფიქრობს, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლებაა. ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ და რასაც ვაპროტესტებთ.”

დღევანდელ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მაგალითად მოჰყავთ პარტიზანი მებაღეებისა და თავისუფალი ზონის წევრების დაკავებები თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე, რომლებიც სწორედ უცენზურო სიტყვების საჯარო სივრცეში გამოყენებისთვის დააკავეს. მაშინ სასამართლომ დაკავებულებს ჯარიმების გადახდა დააკისრა.

აქცია საპატრულო პოლიციასთან. 27.12.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“აზრის გამოხატვის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები. თუ პარტიზანმა მებაღეებმა, პრემიერ-მინისტრმა ან ნებისმიერმა მოქალაქემ თავიანთი აზრის გამოხატვის ფარგლებში დაარღვიეს სხვისი უფლებები, ამ შემთხვევაში, სხვისი უფლება უნდა იქნას დაცული. სწორედ ამაზეა ლაპარაკი. გიორგი კვირიკაშვილის გინების შედეგად დაირღვა კონკრეტული პარლამენტის წევრის, კონკრეტული საქართველოს მოქალაქის, ნიკა მელიას უფლებები.

აქ არ არის საუბარი მხოლოდ პარლამენტის დეპუტატზე. ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, მათ შორის, ნიკა მელიასიც. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, დაიცვას ყველა ადამიანის უფლება – არავითარი მნიშვნელობა აქვს იმას, ოპოზიცია იქნება თუ ხელისუფლება. მთავარია, კანონს ვცეთ პატივი, ხოლო ეს პატივისცემა პირველ რიგში უნდა იქონიოს ქვეყნის პირველმა პირმა. როდესაც პრემიერი მსგავს მაგალითებს აძლევს მთელ ქვეყანას, აღარ არის საუბარი, თუ რატომაა მომატებული კრიმინალი და ქურდული მენტალიტეტი. ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები იმიტომ ხდება, რომ გვყავს ასეთი ტიპის ხელისუფლება, რომელიც ახალისებს და მწვანე შუქს უნთებს კრიმინალებს,” – განუცხადა ნეტგაზეთს სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა.

პოლიციის თანამშრომლებმა გამოძახების შესახებ შეავსეს შესაბამისი ოქმი, სადაც ზვიად კუპრავამ აღწერა ის გარემოება, რის გამოც გახდა საჭირო პოლიციის ადგილზე მისვლა. ოქმის შევსების შემდეგ პოლიციამ ტერიტორია დატოვა, ხოლო საპროტესტო აქციაც მალევე დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი