ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კვიპროსის შეცდომები და საქართველოს საშინაო დავალებები

27 დეკემბერი, 2017 • 5361
კვიპროსის შეცდომები და საქართველოს საშინაო დავალებები

მაია ურუშაძე, კავკასიური სახლის ანალიტიკოსი

2008 წლის ომის შემდგომ კავკასიის რეგიონში შექმნილმა ახალმა რეალობამ, მოკლევადიან პერსპექტივაში, თბილისისთვის სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობების დალაგების შესაძლებლობა მინიმუმამდე შეამცირა. ამავდროულად, უკანასკნელ წლებში საქართველოს მიერ ევროკავშირთან დაახლოების კუთხით მიღწეულმა პროგრესმა ქართულ საექსპერტო სივრცეში გაააქტიურა დისკუსია მასზედ, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანი პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრესის მიღწევა უნდა იყოს, რაც უზრუნველყოფდა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში გარდაუვალ ინტეგრაციას. თავისმხრივ,  საქართველოს გაზრდილი მიმზიდველობა კი იქნებოდა კატალიზატორი სეპარატისტული რეგიონებისთვის, გარკვეულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, გადაეხედათ მათი პოლიტიკური არჩევანისთვის. ცხადია, რომ აღნიშნული სცენარი კვიპროსის მაგალითითაა ,,შთაგონებული“.

უკვე ათ წელზე მეტია, რაც კვიპროსის კონფლიქტის გარშემო მიმდინარე პროცესები ქართულ საზოგადოებაშიც დიდ ინტერესს იწვევს. მეტწილად კვიპროსის გამოცდილება განიხილება ევროკავშირის ინეგრაციისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის საერთაშორისო კონტექსტში. თუმცა ის მნიშვნელოვანი გარემოება, თუ რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი,  2000-იანი წლების დასაწყიში, გარედან მომავალი დადებითი დინამიკა კვიპროსის კონფლიქტის მოგვარებისთვის ქართული საექსპერტო სივრცის ყურადღების მიღმა რჩება. შესაბამისად, მოცემულ სტატიაში გვსურს ყურადღება გავამახვილოთ კვიპროსის იმ ნეგატიურ ისტორიულ გამოცდილებაზე, რაც ასევე გასათვალისწინებელი უნდა იყოს საქართველოს შემთხვევაშიც.

2000-იანი წლების დასაწყისში, კვიპროსის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, პოზიტიურად დაემთხვა თურქეთის პროდასავლური კურსის გაძლიერებაც. აღნიშნულმა გარემოებებმა ხელი შეუწყეს კვიპროსის კონფლიქტში პოზიტიურ ძვრებს.  მნიშვნელოვანი გარღვევა 2003 წელს მოხდა, როდესაც ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დეფაქტო ხელისუფლებამ მიიღო ცალმხირივი გადაწყვეტილება გაეხსნათ გამყოფი ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტები. შედეგად, პირველად 1974 წლის შემდგომ, თურქ და ბერძენ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა თავისუფლად გადაადგილებულიყო მთელი კუნძულის მასშტაბით. 2004 წლის აპრილში, კვიპროსის რესპუბლიკის ევროკავშირში ოფიციალურ გაწევრიანებამდე რამდენიმე დღით ადრე, კუნძულის ორივე მხარეს ჩატარდა კვიპროსის გაერთიანებაზე (ე.წ. ,,ანანის გეგმის“ დამტკიცებაზე) რეფერენდუმი. კვიპროსის თურქულმა ნაწილმა 64.9%-ით მხარი დაუჭირა გეგმას, მაშინ როდესაც ბერძნულმა 24.2%-ით ჩააგდო ის.

დღეს ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კუნძულის ბერძნული მოსახლეობა არ აღმოჩნდა მზად ასეთი სწრაფი პოლიტიკური ტრანსფორმაციისთვის. ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით, უბრალოდ არასაკმარისი დრო იყო გასული მხარეებს შორის ურთიერთობების დათბობიდან რეფერენდუმამდე და ხალხმა ვერ მოასწრო იმ ახალ რეალობასთან შეგუება, რომელიც მოულოდნელად დადგა პოლიტიკურ დღისწესრიგში 30 წლის შემდგომ. 2004 წელს საერთაშორისო პოლიტიკურმა ელიტამ მოულოდნელად ,,ცხვირი წაიტეხა“ ხალხის ნებაზე. აღმოჩნდა, რომ ის საზოგადოება, რომელიც ყველაზე მეტად უნდა ყოფილიყო მონდომებული კონფლიქტის მოგვარებაში არ აღმოჩნდა მზად ამისთვის.

დღესაც ბერძენი და თურქი კვიპროსელი ექსპერტები აღიარებენ, რომ სამშვიდობო პროცესის გაჭიანურების მიზეზი არის ის, რომ ბერძენ კვიპროსელებს აღარ სურთ ეკონომიკური რესურსების გაყოფა და მითუმეტეს პოლიტიკური ბერკეტების მიცემა თურქი კვიპროსელებისთვის. დღეს კვიპროსის რესპუბლიკის მოსახლეობას სულ სხვა საჭიროებები და მოთხოვნები აქვს. მაგალითად, 2016 წლის კვიპროსის რესპუბლიკაში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის მიხედვით მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს ეკონომიკური, სოციალური ხასიათის და უსაფრთხოებასთან (ტერორიზმი) დაკავშირებული პრობლემები. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საერთოდ ვერ მოხვდა 13 პუნქტიან ჩამონათვალში, მაშინ როდესაც ჩრდილოეთ ნაწილში ის მეხუთე ადგილზეა ეკონომიკური საკითხებისა და უსაფრთხოების შემდეგ. ცხადია, კუნძულის ბერძნულ ისტებლიშმენტს არ სურს პოლიტიკურ რისკზე წასვლა და ხალხის მხარდაჭერის გარეშე თურქულ მხარესთან რაიმე ფორმის შეთანხმებაზე ხელის მოწერა. ამის ნათელი მაგალითია 2016 წლის ჟენევაში გაეროს ორგანიზებით ჩატარებული სამშვიდობო მოლაპარაკებები მხარეების ლიდერებს შორის, რომელიც კვლავ უშედეგოდ დასრულდა.

მოყვანილი გარემოებები ნათელი ილუსტრაციაა იმისა, რომ კონფლიქტის ხანგრძლივი დროით გაყინვისა და მხარეების იზოლაციის შემთხვევაში, საზოგადოებები დამოუკიდებლად ვითარდებიან და უფრო წარმატებულმა მხარემ, რაღაც ეტაპზე შესაძლოა უარი განაცხადოს მეორე მხარესთან ,,შერიგებაზე“.

საქართველოს შემთხვევაშიც თუ დავაკვირდებით საზოგადოებრივი განწყობის შესახებ NDI-ის ყოველწლიური კვლევების შედეგებს დავინახავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლიდან დღემდე ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ყოველთვის ხვდება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეულში, პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით მის მიმართ ინტერესი ბოლო 9 წლის განმავლობაში ეტაპობრივად კლებულობს; 2017 წლის მონაცემებით ის 28% შეადგენს.

როგორც ვხედავთ, საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით გარკვეული ,,საშინაო დავალებებიც“ აქვს შესასრულებელი. კვიპროსის გამოცდილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით ჰქონდეს სოციალური მგრძნობელობა და ხალხთან ურთიერთქმედების სისტემური მიდგომები. ქართული საზოგადოება უნდა ფლობდეს ინფორმაციას თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, როგორია ჩვენი ხელისუფლების მიდგომები ამ საკითხებთან მიმართებით. ხალხში უნდა არსებობდეს მზაობა იმისა, რომ სამშვიდობო-ჰუმანიტარული პროცესი იყოს უწყვეტი და არსებობდეს მიმღებლობა იმისა, რომ აღნიშნული პოლიტიკური სტრატეგია გათვლილი იქნება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზე. რა თქმა უნდა ყოველთვის იქნებიან პროცესის სკეპტიკოსები. თუმცა მხოლოდ პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის საზოგადოებასთან პროაქტიული ურთიერთქმედების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივი ნიჰილიზმის ან/და ინდეფერენტობის თავიდან არიდება.

კვიპროსის მაგალითის მეორე ნეგატიური ასპექტი საზოგადოებების ფიზიკური იზოლაციონიზმია. რეფერენდუმამდე ერთი წლით ადრე აღდგენილი თავისუფალი მიმოსვლა არ აღმოჩნდა საკმარისი კუნძულის გასაერთიანებლად. დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არ აღიარების პოლიტიკის გატარებაა, თუმცა ქართულ პოლიტიკურ ელიტას კარგად უნდა ესმოდეს, რომ არსებულ ვითარებაშიც კი, მან მცდელობა არ უნდა დაიშუროს შეინარჩუნოს აფხაზ და ოს მხარეებთან კომუნიკაციის არხები და თანამშრომლობის რესურსი.

კვიპროსის მაგალითზე ცალსახად შეგვიძლია დავასკვნად, რომ გარდა ოფიციალური პირების დიალოგებისა, მნიშვნელოვანია ხაზგამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობასაც ჰქონდეს შეხვედრის შესაძლებლობა. პრიორიტეტული უნდა იყოს სექტორული – პროფესიული და თემატური შეხვედრების მხარდაჭერა. ასევე, ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება. დღეს კვიპროსში მოქმედებს არაფორმალური დიალოგის პლატფორმა: ,,კვიპროსის დიალოგის ფორუმი“, რომლის ფარგლებში, ორმხრივ ფორმატში, პერმანენტულად იკრიბება 4 თემატური ჯგუფი: პოლიტიკური პარტიები, სავაჭრო კავშირები, ბიზნეს სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები. ცხადია, დღეს ქართულ-აფხაზურ ან/და ქართულ-ოსურ ფორმატებში მსგავსი პროექტების განხორციელება რთული წარმოსადგენია, თუმცა აუცილებელია მსგავს სექტორულ შეთავაზებებზე ფიქრი და მხარეებს შორის სხვადასხვა პროფესიული კავშირის დამყარების ხელშეწყობა.

მართალია ეთნიკურ-პოლიტიკური კონფლიქტები ყველგან განსხვავებული ისტორიული წინაპირობებითა და სპეციფიკით ხასიათდება, თუმცა კონფლიქტის ტრანსფორმაციის ფაზებში ბევრია მსგავსებაც. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ ისევე წარმატებით უნდა შეასრულოს ,,საშინაო დავალება“, როგორც არ აღიარების პოლიტიკა საერთაშორისო არენაზე. ვინაიდან ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების ტრანსფორმაცია ხანგრძლივი და რთული პროცესია და ქართულმა საზოგადოებამ ყურადღებით უნდა შეისწავლოს ამ მიმართულებით დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილება და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები, რათა საჭირო ისტორიულ მონაკვეთში მზად აღმოჩნდეს ეფექტურად გამოიყენოს ,,შესაძლებლობების ფანჯარა“ და არ დაკარგოს ისტორიული შანსი, როგორც ეს კვიპროსის შემთხვევაში მოხდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი