ახალი ამბები

ნინო ლომჯარია მოადგილეებს იანვარში წარადგენს

27 დეკემბერი, 2017 • 1904
ნინო ლომჯარია მოადგილეებს იანვარში წარადგენს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომელიც პარლამენტმა 30 ნოემბერს აირჩია, მოადგილეებს 2018 წლის იანვარში წარადგენს – ამის შესახებ ლომჯარიამ დღეს, 27 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“მომავალი წლის დასაწყისში ვგეგმავ, რომ წარმოიგიდგინოთ მოადგილეები, რომლებიც შესაბამისი სფეროების მიხედვით უხელმძღვანელებენ აპარატის საქმიანობას” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნეტგაზეთის კითხვაზე, შეიცვლებიან თუ არა მოადგილეები, რომლებიც ახლა არიან, ლომჯარია გვპასუხობს, რომ ცვლილებები იგეგმება.

“ამის თაობაზე გადაწყვეტილებას გაგაცნობთ, ალბათ, იანვრის პირველივე კვიარაში, ამიტომ, რა თქმა უნდა, იგეგმება გარკვეული ცვლილებები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას გაცნობებთ იანვრის დასაწყისში,”- გვიპასუხა ლომჯარიამ.

რაც შეეხება ჩვენს შეკითხვას, იგეგმება თუ არა სხვა საკადრო ცვლილებები, იგივე დეპარტამენტების კუთხით, ლომჯარია გვპასუხობს, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება.

“ამ ეტაპზე არ იგეგმება საკადრო ცვლილებები. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ სტრატეგია, ასევე მოვახდინოთ ორგანიზაციული შეფასება და შემდგომში სწორედ ამ დოკუმენტებს დაეფუძნება ინსტიტუციური გაძლიერება თუ ნებისმიერი რეორგანიზაცია, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს. ამიტომ, თვითნებურად, ან სუბიექტური შეხედულებით მე ამის განხორციელებას არ ვგეგმავ, მით უმეტეს, უახლოეს პერიოდში,”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამჟამად სახალხო დამცველის პირველი მოადგილის პოსტს ნათია კაციტაძე იკავებს, რომელიც პოსტზე 2016 წლის ივლისიდან დაინიშნა, ხოლო მოადგილის პოსტს, 2015 წლიდან იკავებდა.  სახალხო დამცველის მოადგილეა ეკა სხილაძე, რომელიც, 2016 წლის ივლისში დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი