ახალი ამბები

სახალხო დამცველი: საჭიროა გამოძიება, ხომ არ გადაამეტეს ძალას სამართალდამცავებმა პანკისში

26 დეკემბერი, 2017 • 1245
სახალხო დამცველი: საჭიროა გამოძიება, ხომ არ გადაამეტეს ძალას სამართალდამცავებმა პანკისში

სახალხო დამცველის აპარატი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაჭრილის ოჯახის ვერსიები გარემოებებთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავია და აუცილებელია, პროკურატურამ სამართალდამცავების ქმედებებთან დაკავშირებით საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვა არ დატოვოს.

“გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახის წევრებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავია, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ოპერატიულად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა, დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებას, არ დატოვოს პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც შესაძლოა საზოგადოებას ლეგიტიმურად მიაჩნდეს. მნიშვნელოვანია, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის პროცესში დაცული იყოს ასევე მოქალაქეთა – სავარაუდო ეჭვმიტანილთა უფლებები. უპასუხოდ დარჩენილი კითხვები ხელს არ შეუწყობს სამართალდამცველთა მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ადგილობრივი საავადმყოფოს დირექტორსაც შეხვდა, რომლისგანაც დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო.

დღეს, 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარდა სპეცოპერაცია, სადაც 5 ადამიანი: ზურაბ გორნაკაშვილი,  რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი დააკავეს. მაჩალიკაშვილი შუბლის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სუს–ის ცნობით, მათ წინააღმდეგ გამოძიება სსკ–ს 331 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას გულისხმობს. სუს–ის ინფორმაციით, დაკავებული პირები გაბრიელ ბერის გამზირზე დაკავებულ პირებს დაეხმარნენ, რომ საქართველოს საზღვარი კანონდარღვევით გადმოელახათ, ასევე, დაეხმარნენ ბინისა და იარაღის მოძიებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი