ახალი საერთო საცხოვრებელი თსუ-ის სტუდენტებისთვის ლისზე

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კამპუსი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. როგორც თსუ-ის კანცლერის მოადგილე ლაშა საღინაძე ამბობს, ამ დროისთვის კამპუსში უნივერსიტეტის 50 სტუდენტი ცხოვრობს, ლისზე მდებარე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი კი მთლიანობაში 320 სტუდენტზეა გათვლილი.

კამპუსში ცხოვრების თვიური გადასახადი 150 ლარია, თუმცა სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის ან მათთვის, ვინც კამპუსში და-ძმასთან ერთად ცხოვრობს, გადასახადი 120 ლარს შეადგენს. თსუ-ის სტუდენტური ქალაქი ლისზე 4 შენობისგან შედგება და მასში სტუდენტების შესახლება პერიოდულად მოხდება:

“სტუდენტები ლისის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში პირველი დეკემბრიდან მივიღეთ. ამ ეტაპზე დაახლოებით 50 სტუდენტი არის შესახლებული. მალე დაიწყება შესახლების შემდგომი ეტაპი. მთლიანობაში სტუდენტური საცხოვრებელი გათვლილია 320 სტუდენტზე. მომავალში იგეგმება გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტების დაბინავებაც.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საერთო საცხოვრებელი მიმდინარე წელს გადმოეცა უნივერსიტეტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, განხორციელდა აღჭურვითი სამუშაოები, რადგან მხოლოდ შენობა გადმოგვეცა. ჩვენ დავიწყეთ შესყიდვითი სამუშაოები, ინსტალაციის პროცესი და როცა პროცესი დასრულდა, ნოემბრის დასაწყისში გამოვაცხადეთ ონლაინ რეგისტრაცია, სტუდენტების და მსურველთა რაოდენობის შესაბამისად მოხდა შესახლება,” – ამბობს ლაშა საღინაძე.

თსუ-ის საერთო საცხოვრებელი ლისზე

თსუ-ის კანცლერის მოადგილის თქმით, რეგისტრაციის შემდგომი ეტაპი იანვარში გამოცხადდება. პარალელურად, თსუ-ის სტუდენტების ნაწილი კვლავ ცხოვრობს ბაგებში მდებარე საერთო საცხოვრებელში, სადაც ერთი თვის საფასური 50 ლარია. ბაგების სტუდქალაქში 300-მდე სტუდენტი  ცხოვრობს. შენობებში, რომლებიც 1975 წელს აშენდა და მას შემდეგ, როგორც სტუდენტები და საერთო საცხოვრებლის ადმინისტრაციის თანამშრომლები ამბობენ, საფუძვლიანი რემონტი არ ჩატარებულა.

როგორც თსუ-ის კანცლერის მოადგილე ამბობს, უნივერსიტეტს ბაგებში მდებარე სტუდქალაქის შენარჩუნებისთვის დიდი რაოდენობით სუბსიდირება უხდება, რადგან სტუდენტების მიერ გადახდილი 50 ლარი მისი ფუნქციონირებისთვის საკმარისი არაა. შენობები კვლავ არ არის უნივერსიტეტის ბალანსზე. თსუ-ის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მანამ, სანამ შენობები ეკონიმიკის სამინისტროდან თსუ-ის ბალანსზე არ გადმოვა, რემონტს ვერ დაიწყებენ:

“ახლა დაძრულია ეს თემა, უახლოეს  თვეებში მოხდება ბაგების სტუდქალაქის გადმოცემა სარგებლობის უფლებით  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, რის შემდგომაც, სახელმწიფო უნვიერსიტეტს შეეძლება საერთო საცხოვრებლის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება,” – ამბობს ლაშა საღინაძე.

ფოტორეპორტაჟი იმის შესახებ, თუ რა პირობებში უწევთ სტუდენტებს ცხოვრება ბაგებში მდებარე საერთო საცხოვებელში ნახეთ ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.