ახალი ამბები

კულტურის მინისტრი: ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს მე ვუხელმძღვანელებ

26 დეკემბერი, 2017 • 5351
კულტურის მინისტრი: ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს მე ვუხელმძღვანელებ

კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს მისი მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ჩამოშორდება და თავად მიხეილ გიორგაძე, უხელმძღვანელებს.

ეს გადაწყვეტილება მინისტრმა დღეს, 26 დეკემბერს, მწერლებსა და გამომცემლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. გიორგაძის თქმით, ბერიკაშვილის ჩამოშორების გადაწყვეტილება პროექტის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე მიიღო.

“გადაუჭარბებლად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმ არაჯანსაღი აჟიოტაჟის და მითქმა–მოთქმიდან გამომდინარე, რაც ამ ბოლო დროს გავრცელდა მედიასა და სოციალურ ქსელებში, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირადად ვუხელმძღვანელო ამ პროექტს. მე პირადად ვუხელმძღვანელებ თითოეულ მიმართულებას ოპერაციული და ტექნიკური საკითხების ჩათვლით”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მწერლებისა და გამომცემლების განაწყენება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ წიგნის ცენტრის დირექტორმა დეა მეტრეველმა განაცხადა, რომ მანანა ბერიკაშვილი ერეოდა მის საქმიანობაში.

დეა მეტრეველმა კულტურის მინისტრს მიმართა, რომ წიგნის ცენტრს, რომელიც ორგანიზებას უწევს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობას, მხოლოდ ლიტერატურული ნაწილი დაუტოვონ, ხოლო ტექნიკური ნაწილები კულტურის სამინისტრომ გადაიბაროს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში იმართება, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ამ პროგრამისთვის მზადება წიგნის ცენტრს აქვს ჩაბარებული 2014 წლიდან, თუმცა რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი მართავს ყველაფერს, რამაც წიგნის ცენტრსა და კულტურის სამინისტროს დაპირისპირება გამოიწვია.

თავდაპირველად მიხეილ გიორგაძე უარს აცხადებდა, რომ დეა მეტრეველის წინადადება გაეთვალისწინებინა. მწერლები შიშობდნენ, რომ მანანა ბერიკაშვილის ჩართულობით, შესაძლოა ნაკლები ყურადღება დათმობოდა წიგნებს და ლიტერატურას და მეტი ყურადღება- თანმდევ კულტურულ ღონისძიებებს.

გვანცა ჯობავამ, წიგნის გამავრცელებელთა და გამომცემელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, განაცხადა, რომ კმაყოფილი არის შეხვედრის შედეგით, რადგან შუა რგოლი არ იქნება და პროექტის ყველა მონაწილეს ექნება მინისტრთან პირდაპირი კავშირი.

“ყველა მიმართულებაზე პასუხისმგებელი ბატონი მიხეილი იქნება,” – გვითხრა გვანცა ჯობავამ.

ჯობავას თქმით, დღვანდელ შეხვედრაზე უნდა მისულიყვნენ სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი და ჯგუფის სხვა წევრები, რომლებსაც უნდა წარმოედგინათ პავილიონისა და პროექტის სხვა მიმართულებების კონცეფცია, თუმცა ამ შეხვედრაზე არ მისულან.

ჯობავა ამბობს, რომ ამ ჯგუფთან შეხვედრა ხუთშაბათს, 28 დეკემბერს გაიმართება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხუთშაბათსაც ვერ წარმოადგენენ კონცეფციას, განსაკუთრებით კი, პავილიონის კონცეფციას, მაშინ მინისტრს შესთავაზებენ, რომ გამოაცხადოს კონკურსი, რომელიც ახალ ჯგუფს შეარჩევს კონცეფციის შესამუშავებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი