ახალი ამბები

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირი არა საედ დუდაევი არამედ შოაიფ ბორზიევი აღმოჩნდა – სუს

26 დეკემბერი, 2017 • 5205
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირი არა საედ დუდაევი არამედ შოაიფ ბორზიევი აღმოჩნდა – სუს

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის კონტექსტში დაკავებული პირი არა საედ დუდაევი, არამედ შოაიფ ბორზიევი აღმოჩნდა.

როგორც ნეტგაზეთს სუს-ში განუცხადეს ამ პიროვნებამ სახელი და გვარი მოიტყუა, თუმცა იდენტიფიკაციის შედეგად დადგინდა, რომ ის არა დუდაევი, არამედ ბორზიევია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და რუსეთის მოთხოვნით ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოში ამ პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი სწორედ საედ დუდაევის სახელითა და გვარით მიმდინარეობდა, თუმცა, სუს-ის ინფორმაციით, სამართლებრივად ეს არ ცვლის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

“ჩვენ არასდროს დაგვიდასტურებია, რომ ეს დუდაევი იყო, თვითონ აცხადებდა, რომ ის დუდაევი იყო. მან სახელი და გვარი მოიტყუა. სასამართლოზე რომ ამ სახელითა და გვარით წაუყენეს ბრალი, ეს დარღვევა არ არის. ადამიანი რომ დააკავო და არ გითხრას ვინაობა, რა უნდა ქნა ასეთ შემთხვევაში. ბრალი უნდა წარადგინო. რა სახელი და გვარიც თქვა, ისე წაუყენეს ბრალი. ჩვენ ვამბობდით, რომ დაკავებულსა და გარდაცვლილებს მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი თან არ ჰქონდათ”, – ამბობენ სუს-ში.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულის სპეცოპერაციის კონტექსტში 3 ეჭვმიტანილი (მათ შორის აჰმედ ჩატაევი) დაიღუპა, ხოლო ერთი თბილისში დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი