ახალი ამბები | ,

სუს: ჩატაევის ჯგუფი საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდა

26 დეკემბერი, 2017 | | 2335
სუს: ჩატაევის ჯგუფი საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 21–22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული და დაკავებული პირების მიზანი თურქეთსა და საქართველოში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები იყო.

დღეს, 26 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ გაბრიელ ბერის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად დაკავებული და დაღუპული პირების ტექნიკური მოწყობილობებიდან ამოღებული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მათ იარაღის სამალავიც ჰქონდათ, საიდანაც სუს–მა იარაღები, რაციები, დურბინდები, რუკები და სხვა მასალა ამოიღო.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გაბრიელ სალოსის გამზირზე ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობიდან მოპოვებულია აუდიოჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი  და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდახმა წამოადგენდა, სუს–ის კონტრტერორისტული დეპარტამენტის ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების და 21–22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აღნიშნული ტერორისტული აქტები დაგეგმარების პროცესში იქნა აღკვეთილი”, – განაცხადა სუს–ის სპიკერმა ნინო გიორგობიანმა.

გიორგობიანის განცხადებით, 21–22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი შოაიფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლით იძებნება. სუს–ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაღუპული პირია რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტით საქართველოში 2010–2012 წლებში იმყოფებოდა. სპეცოპერაციის დროს დაღუპული მეორე პირი ასლანბეგ სოლტახმადოვია.

დღეს პანკისის ხეობაში ჩატარდა სპეცოპერაცია, სადაც 5 ადამიანი: ზურაბ გორნაკაშვილი,  რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი დააკავეს. მაჩალიკაშვილი შუბლის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სუს–სი ცნობით, მათ წინააღმდეგ გამოძიება სსკ–ს 331 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას გულისხმობს. სუს–ის ინფორმაციით, დაკავებული პირები გაბრიელ ბერის გამზირზე დაკავებულ პირებს დაეხმარნენ, რომ საქართველოს საზღვარი კანონდარღვევით გადმოელახათ, ასევე, დაეხმარნენ მათ ბინისა და იარაღის მოძიებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი