ახალი ამბები

“ლაქტალისი” საქართველოში ბავშვთა კვების იმპორტს გააგრძელებს

26 დეკემბერი, 2017 • 2473
“ლაქტალისი” საქართველოში ბავშვთა კვების იმპორტს გააგრძელებს

ფრანგული კომპანია “ლაქტალის ინთერნეიშენალი”, რომელიც რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთში სკანდალში გაეხვა ბავშვებში სალმონელას 26 შემთხვევის გამო და პროდუქცია ქსელიდან ამოიღო, წარმოებას მარტიდან განაახლებს და იმპორტი საქართველოშიც გაგრძელდება.

ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს დღეს, 26 დეკემბერს, “CTN ჯორჯიას” წარმომადგენლებმა განუცხადეს. ეს კომპანია საქართველოში “ლაქტალისის” მიერ წარმოებული ბავშვთა კვების ერთ-ერთი ხაზის, “სელიას” დისტრიბუტორია.

მათივე ცნობით, “სელია”, რომელიც საქართველოში შემოდის, სრულიად უსაფრთხოა და ამას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიული კვლევაც ადასტურებს.

“საფრანგეთში გაჩნდა კითხვა ორ პროდუქტზე, რომელიც საქრთველოში არ შემოდის, ესენია “მილუმელი” და “პიკო”. “სელიაც” ამ კომპანიის წარმოებული პროდუქციაა, მაგრამ ის საფრთხის შემცველად არ მიიჩნიეს საფრანგეთში. მაგრა, რადგან ამ კომპანიას შეეხო, ზოგადად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ყველაფერზე გაჩენილიყო კითხვის ნიშანი. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მიიჩნია, რომ რისკ-პერიოდი, როდესაც შეიძლებოდა, პროდუქტის ბაქტერიოლოგური დაბინძურება მომხდარიყო, არის 1-7 მაისი. გადამოწმდა და აღმოჩნდა, რომ საქართველოში ამ პერიოდში წარმოებული “სელია” შემოსული არ არის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ 22 სინჯი აიღო, ანუ ყველა პარტია, რაც იყო შემოტანილი. ჩაატარეს ლაბორატორიული კვლევა “სალმონელაზე” და დადასტურდა, რომ არ აღმოჩნდა ბაქტერია ამ პროდუქტში,”- აცხადებს იმედა დვალიძე, კომპანია “CTN ჯორჯიას” წარმომადგენელი.

“CTN ჯორჯიამ” ნეტგაზეთს უთხრა, რომ მოგვაწვდიდნენ უშუალოდ ლაბორატორიული კვლევის შედეგებსაც.  სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნეტგაზეთს ამ კვლევის ნამდვილობა დაუდასტურეს.

11 დეკემბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა შეტყობინება „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ მიერ 2017 წლის 15 თებერვლიდან წარმოებული პარტიების რეალიზაციის შეჩერების შესახებ ყველა ქვეყანაში, სადაც ექსპორტი ხორციელდებოდა. ამისი საფუძველი აგვისტო-ნოემბრის პერიოდში საფრანგეთში „სალმონელა აგონათი“ ბავშვების ინფიცირების 26 შემთხვევა გახდა.

ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად, ეჭვი მიიტანეს „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ მიერ წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებზე – Picot Lait Picot SL sans Lactose 350 g,; Milumel Bio 1 900g;, Picot peptide junior sans Lactose 460g. დასახელებული ბრენდებიდან „პიკოს“ და „მილუმელის“ პროდუქციის იმპორტი საქართველოში არ ხდება. თუმცა, პრევენციის მიზნით, გამოთხოვილი სურსათის ჩამონათვალში აღმოჩნდა ბრენდ “სელიას“ რამდენიმე პარტია და საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, პროდუქციის რეალიზაცია მაშინვე შეჩერდა.

24 დეკემბერს სურსათის ეროვნულმა სააგანტომ განაცხადა, რომ პროდუქცია უკვე სრულიად ამოღებულია ქსელიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი