ახალი ამბები

მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს აღარ უხელმძღვანელებს

25 დეკემბერი, 2017 • 2833
მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს აღარ უხელმძღვანელებს

კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, პროექტს სხვა მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს. მისი ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. როგორც მიხეილ გიორგაძემ “რუსთავი 2”-ს განუცხადა მოსამზადებელ პროექტში მწერლები და გამომცემლები ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო საბჭოს შექმნაზეც, რომელიც  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მოსამზადებელ პერიოდზე იმუშავებს.  წიგნის გამომცემელთა ასოციაციის წარმომადგენელმა  გვანცა ჯობავამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საბჭოს წევრები ჯერჯერობით შერჩეულები არ არიან, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს, რომ საბჭოში მწერლებიდან და გამომცემლებიდან წევრები შევიდნენ. გვანცა ჯოვაბას თქმით, ხვალინდელ შეხვედრაზე პავილიონის დიზაინის კონცეფციის პრეზენტაციაც იქნება.

“საბჭოს არსებობას აზრი ექნება იმ შემთხვევაში თუ კი სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდება. ჯერჯერობით რაც ვიცით ამ შეხვედრებიდან ის არის, რომ მინისტრის სხვა მოადგილე ჩაუდგება ამ პროექტს სათავეში. ხვალინდელი შეხვედრა პრინციპულად მნიშვნელოვანია ასევე იმიტომ, რომ ჩვენ უნდა შევხვდეთ იმ გუნდს, რომლიც თითქმის ერთი წელია პავილიონზე მუშაობს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი შემაფერხებელი მომენტი, რადგან მათ ვერ შეძლეს თავი გაერთმიათ მათზე დაკისრებული მოვალეობისთვის. ბოლო ვადა 12 დეკემბერი იყო და მათ ამ პერიოდში დამთავრება ვერ შეძლეს, თუმცა მინისტრი დაგვპირდა, რომ არსებობს რაღაც ნამუშევარი (დაუსრულებელი) და მას უნდა რომ ჩვენ ეს ვნახოთ და ამიტომ ხვალ მივდივართ პრეზენტაციაზე,”-აცხადებს გვანცა ჯობავა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში იმართება, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ამ პროგრამისთვის მზადება წიგნის ცენტრს აქვს ჩაბარებული 2014 წლიდან, თუმცა რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი მართავს ყველაფერს, რამაც წიგნის ცენტრსა და კულტურის სამინისტროს დაპირისპირება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი